10.თებერვალი .2016 13:41

მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

views 1942
უკან

"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე" მუშაობა დასრულდა. "ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ის საბჭოს ქვეყნებში განიხილეს და მასზე მუშაობა დასრულებულია.
 
სანამ "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის" საბოლოო ვარიანტს მთავრობაზე განიხილავენ, ეკონომიკის სამინისტრო დოკუმენტს არ ასაჯაროვებს. რა წერია სტრატეგიაში, ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე ესაუბრა.

მიხეილ ჭელიძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამი მონაწილე მხარე გამოვლინდა. ესაა სახელმწიფო, ბიზნესი და შრომითი ძალა. მისი თქმით, სამივეს მისამართით არსებობს რეკომენდაციები. მთავარი მესიჯი კი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის მაქსიმალური დახვეწა. ჭელიძის განმარტებით, სტრატეგიის ფარგლებში არსებობს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა გადავიდეს და კანონმდებლობით განიმარტოს მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რისი დეფინიციას აქამდე არ არსებობდა.

ბიზნესში პრობლემები სამი ძირითადი მიმართულებით გამოიკვეთა. ეს არის სამეწარმეო განათლების დაბალი დონე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და არაადეკვატური შრომითი ძალა.

"ისინი, ვინც ბიზნესს იწყებენ სამეწარმეო განათლება არ აქვთ. ბაზარზე კი პროფესიული კადრების მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსია. კეთროვანივით არის პროფესიული სასწავლებლები. არავის აქვს სურვილი იქ ჩააბაროს. უნდა წავახალისოდ, რომ ადამიანი წავიდეს პროფესიულ სასწავლებელში და ასევე ბიზნესმა თავად დაუკვეთოს პროფესიულ სასწავლებელს რა კადრი სჭირდება", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, როგორც ჭელიძე ამბობს, აქ სახელმწიფოს როლი წამყვანია. მისი თქმით, საგრანტო პროგრამა როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად უნდა გაიზარდოს; შეიქმნას მეტი ინკუბატორი და ტექნოპარკი.

"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია", რომელიც 2016 – 2020 წლებზეა გათვლილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით შემუშავდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა