მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა, სავარაუდოდ, "ჯორჯიან ეარვეისის" ერევანი-თბილისის რეისებს დაასუბსიდირებს

5d356e410b2b9
თელარა გელანტია
22.07.19 12:04
1722
მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მგზავრებს ფრენების ახალი განრიგი შესთავაზა, რაც თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულების თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის ალტერნატიული მარშრუტით ჩანაცვლებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ტურიზმის სექტორმა რუსული ავიასანქციების საპასუხოდ 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკის მინისტრს წარუდგინეს. მთავრობისადმი ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზებაა, რომ ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით შატლი დაინიშნოს.

ამის საპასუხოდ, გასული კვირის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერევნიდან თბილისამდე „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენები დაასუბსიდიროს.

„ჩვენი ანალიზის შედეგად, ერევნიდან უმჯობესია ხელი შევუწყოთ ავიაფრენებს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს რეისებს მათ შორის რუსეთის ქალაქებიდან ერევნის გავლით საქართველოში და ჩვენ ვეხმარებით მათ მთავრობის გადაწყვეტილებით ანუ ასე გადაწყდა ერევნის მიმართულება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისში“ კი ამბობენ, რომ ჯერ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება, რა ტიპის მხარდაჭერას გაუწევს სახელმწიფო ეროვნულ ავიაკომპანიას, ჯერ მიღებული არ არის.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიმართულებას, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ შორის აზერბაიჯანულ საავიაციო კომპანიებთან, რომ მათ ბილეთში შატლების ინტეგრირება მოახდინონ.

კერძო სექტორის მხრიდან რუსეთის ავისანქციების საპასუხოდ წარმოდგენილ ინიციატივას მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი პუნქტი დაემატა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, კერძო სექტორთან შეხვედრაზე ქუთაისში დადგა საკითხი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წყალტუბომდე საჭიროა შატლების დაფინანსება.

„აქაც ჩვენ ვაყენებთ შატლებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რა მოცულობის თანხებს გამოყოფს სახელმწიფო როგორც ავიარეისების დასასუბსიდირებლად, ისე - შატლების დამატებაზე, ჯერ უცნობია.

ჯერჯერობით, ოფიციალურად მთავრობას კერძო სექტორისთვის არც ე.წ ანტიკრიზისული გეგმა წარუდგენია.