12.ივლისი .2019 09:00

მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ გასაყიდად აუდიტის დასრულების შემდეგ გამოიტანს

views 645
უკან

მთავრობა „საქართველოს ფოსტას“ საპრივატიზაციოდ აუდიტის დასრულების შემდეგ გამოიტანს.

სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუდიტმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა უნდა განსაზღვროს და სწორედ მას შემდეგ შედგება ფოსტის საპრივატიზაციო პაკეტი.

როგორც სააგენტოში ამბობენ,  საქართველოს ფოსტაში აუდიტი, დაახლოებით, 6 თვეში უნდა დასრულდეს.

მთავრობა რომ „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებას გეგმავდა, ამის შესახებ ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წლის ნოემბერში Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

2017 წლის ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო ფოსტის აქტივები 72.861,000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კომპანიის გასაყიდი ფასიც შესაძლოა დაახლოებით ამდენივე იყოს.

ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ ფოსტა ზარალზეა. 2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა - 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი - 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა - 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.
საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.

„საქართველოს ფოსტამ“ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო.

„საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა