მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ქარის ელექტროსადგურის 100%-იან წილს ყიდის

5d301bc1500dc
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.19 12:03
1832
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს გორის ქართლის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასაყიდად მომზადება დაევალა.

სამინისტრომ ელექტროსადგური გასაყიდად სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" და "გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან" პარტნიორობით უნდა მოამზადოს.

როგორც ცნობილია, 2017 წელს საქართველოს მთავრობა ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე შეთავაზებას გეგმავდა, თუმცა აღნიშნული IPO არ შემდგარა.

ქართლის ელექტროსადგური 2016 წლის 16 ნოემბერს ჩაირთო, მისი ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია. სადგური 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი ტურბინისგან შედგება (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH).

პროექტი EBRD-ის $24-მილიონიანი კრედიტით დაფინანსდა, ის შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

რა ღირს ქარის ენერგია?


ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6,89 ცენტად, რაც დაახლოებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.