მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მზის პანელების გადაცემას წლის ბოლოს გეგმავს

5cc0a0dc5aa80
დათო ჯალაღონია
25.04.19 00:10
864
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, იმ მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, მთავრობა მზის პანელებს გადასცემს.

მზის პანელებს, დაახლოებით, 200 ოჯახი მიიღებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, ახლა სატენდერო წინადადებები მუშავდება და უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.

„ეს ჩვეულებრივი, ღია ტენდერი იქნება და ყველა კომპანიას ექნება მონაწილეობის უფლება. დღეის მდგომარეობით აღწერილი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში 135 მოსახლე, რომელიც ამ მზის პანელს მიიღებს. ამ აღწერაში დაგვეხმარა USAID-ი და უშუალოდ ჩართული იყო თითოეული მუნიციპალიტეტი. გადაცემა მუნიციპალიტეტების მიერ მოხდება და მოვლა-შენახვა სატენდერო წინადადებებში იქნება ჩადებული.

წარმადობას რაც შეეხება, ეს იქნება 1.5-კილოვატიანი სიმძლავრის მზის პანელები, რომელიც საშუალებას იძლევა მაცივრის, ტელევიზორის, წყლის გამათბობლის ჩართვის საშუალებას“, - განმარტა მზია გიორგობიანმა.

მზის პანელების შესაძენად 2 მილიონი ლარი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან დაიხარჯება.