მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კომერციულ დესპანებს რამდენიმე წელია არჩევს, მაგრამ ჯერ ვერ შეარჩია

5d31b8b11b885
ელენე გოგბერაშვილი
19.07.19 17:15
1017
კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას 2016 წელს 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. დღეს არცერთი მათგანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში აღარაა. პრემიერი მამუკა ბახტაძეა, ეკონომიკის მინისტრი კი ხუთჯერ შეიცვალა.

2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეს ინსტიტუტის მიმართ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშეს ნაცვლად საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები ეყოლება. მათი შერჩევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის გზით დაიწყო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა.

გადაბარებამდე ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსიც ჩაატარა და აპლიკანტებთან გასაუბრებაც დაიწყო. შემდეგ კი საგარეო უწყებამ კონკურსი თავიდან გამოაცხადა და ითქვა, რომ დაანონსებული 6 ატაშეს რაოდენობა შესაძლოა, გაზდილიყო.

თავდაპირველი ინფორმაციით, კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში: აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდი ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში უნდა დანიშნულიყო, თუმცა შემდეგ ამ ჩამონათვალს იაპონიაც დაემატა.

ეკონომიკური დესპანები ამ დრომდე შერჩეული არ არის და საგარეო უწყება ვერც კონკრეტულ დროს ასახელებს, როდის დასრულდება დესპანების შერჩევის პროცესი.

როგორც bm.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე დესპანების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ახლო მომავალში დასრულდება და შედეგების შესახებ მედია და საზოგადოება იქნება ინფორმირებული.

დაახლოებით სამი თვის წინ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა, რომ 7 ადგილზე 50 აპლიკანტი იბრძვის და მათგან უწყებამ 20 ადამიანამდე გადაარჩია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, 4 მაისს აპლიკანტებმა მეორე წერა წერეს და დარჩენილი იყო კიდევ ერთი წერა მშობლიურ ენაში და შემდგომ გასაუბრება.

თუ ღვთისიაშვილის განცხადებას დავეყრდნობით, სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებების და ბიზნეს სექტორის წარმომადგელებისგან არის დაკომპლექტებული, დესპანებს შემოდგომამდე გადაარჩევს.

„ისინი ტრენინგს გაივლიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და შემოდგომისთვის გავაგზავნით ამ ადამიანებს საელჩოებში, რომ აქტიურად დაიწყონ მუშაობა“-განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

კომერციული ატაშეების ყოველთვიური ანაზღაურება 4000-დან 7000 დოლარამდე იქნება, თუმცა თანამდებობრივი სარგოს ზუსტი ოდენობა, ასევე ხარჯები, იმ ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება, სადაც ეკონომიკური ატაშეები იქნებიან მივლინებულნი.

ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების მიხედვით, კომერციული ატაშის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი ევროში 2000-4000-მდე იქნება, გირვანქა სტერლინგში კი 1000-3000-მდე.