მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აბასთუმანში 9,3 მლნ-ად ავტოსადგომს აშენებს, რომელსაც 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება

5cbd7c2c90741
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.19 12:40
5137
საქართველოს მთავრობა აბასთუმაში ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური დამტენი ცენტრის მოწყობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუქციონის პირობების მიხედვით, აბასთუმანში 9.3 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსადგომი უნდა აშენდეს.

ავტოსადგომის ფართობი 4.2 ჰექტარი იქნება, სადაც პარკინგთან ერთად 150 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელიც აშენდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
  • ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1000 მანქანაზე. აქედან: 
  • 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი  პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 
  • 10 ავტობუსის ავტოსადგომი; 
  • ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან. ამასთანავე, არ უნდა გაწყდეს ტერიტორიასთან არსებული გრუნტის გზა; 
სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 10 მაისს იწურება.

აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინიგის მოწყობა შესაძლოა კავშირში იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებასთან, როდესაც მან განაცხადა, რომ აბასთუმანი ელექტრომობილების ქალაქი უნდა გახდეს და რომ ის “ექსპერიმენტის” ფარგლებში ადგილობრივებს თავად დაურიგებდა ელექტრომობილებს.

“ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც გეტყვით,  სამი კვირით ვიყავი წელს აბასთუმანში. მინდა, გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ და ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ ძალიან რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად და პირადადაც, რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი.

ამას დაემატება იქ ჩვენი მხრიდან, ობსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე, და გაისიდან მე ვაპირებ თუ მოვახერხე, აბა ვნახოთ როგორ გამოვა, რომ ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს, იქედან ადგილობრივებს ცალკე დავეხმარები. მე მგონი მოვახერხებთ, ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში. 800 ოჯახია სულ. შევქმნათ პრეცედენტი გაისის გაზაფხულიდან,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

აბასთუმანში 9.3-მილიონიანი ავტოსადგომის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.