მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $62 მილიონის სესხი გამოუყო

5d08ab5b87c8c
BM.GE
18.06.19 13:13
1165
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით ენერგომომარაგების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD). მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში. აღნიშნული მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საშუალებით, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღების და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღებაში.

"პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში", - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის" შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს", - განაცხადა ფინანსთა მინსტრმა ივანე მაჭავარიანმა.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები წარმატებით დასრულდა. დერეგულირებასა და პრივატიზაციაზე მიმართულმა ფართომასშტაბიანმა მარეგულირებელმა და საბაზრო რეფორმებმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დარგის სუბიექტების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებას.

გატარებული რეფორმების შედეგად ენერგოსექტორი გამოვიდა თითქმის სრული ოპერაციული და ფინანსური კოლაფსიდან და ახლა წარმოდგენილია ადეკვატური ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიებით, რომლებიც ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფენ. მარეგულირებელი ჩარჩო ზოგადად მტკიცეა, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები. პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მათ გადაწყვეტაში ენერგეტიკის სფეროში არსებული სტრატეგიის შესაბამისად.

პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან (2019 - 2022 წწ.) და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) დადგენილი მიზნების შესრულებაში.