მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის მხოლოდ 31%-მა იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

570dee2aca07d
BM.GE
13.04.16 10:57
1648
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.
 
მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ.

უმრავლესობა (64 პროცენტი) მიიჩნევს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში მხოლოდ საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი დეპუტატი ამომრჩევლის ინტერესებს იცავს.

გამოკითხვის თანახმად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამომრჩევლებიდან თითქმის არავის (2 პროცენტი) არ დაკავშირებია პარლამენტის წევრი ან მისი წარმომადგენელი, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა (31 პროცენტი) იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი;

ეს კიდევ უფრო გამოკვეთს ამომრჩევლებსა და მათ მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს შორის კომუნიკაციის სიმცირეს. გარდა ამისა, მოქალაქეების უმეტესობამ (70 პროცენტი) არ იცის როგორ დაუკავშირდეს მის წარმომადგენელს, მაშინ როცა მხოლოდ 9 პროცენტი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში ადვილად შეუძლია შესვლა.

ამავდროულად, მოსახლეობის 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამტკიცებს კანონებს; მაშინ, როდესაც, 48 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი სათანადოდ ვერ ართმევს თავს მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას – წარმოადგენდეს მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები და შენობაც კი, აღიქმება როგორც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.