მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება - კანონპროექტი პარლამენტშია

5d0a041cd4d7b
დათო ჯალაღონია
19.06.19 13:43
1202
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ პარლამენტში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი დაარეგისტრირეს.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.

ახალმა კანონმა უნდა დაარეგულიროს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები, ფიზიკური პირის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მოვაჭრესთან მისი პროდუქტის პირადი მოხმარებისთვის გამოყენების მიზნით, ასევე - ეკონომიკური ინტერესების დაცვის, სამომხმარებლო განათლებისა და დაინტერესებული ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკა.

ამ მიზნების მისაღწევად, 2020 წელს კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამ ახალი სტრუქტურული ერთეულის მუშაობა სახელმწიფო ბიუჯეტს 630 ათასი ლარი დაუჯდება, მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის - 520 000 ლარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კი 110 000 ლარი გამოიყოფა.

სტრუქტურაში 20 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება შემდგომ - 2021-2022 წლებს, დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი (დააკლდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯი).

კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებებს მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში.

კერძოდ, კონკურენციის სააგენტო, განცხადებლის საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაძლო ფაქტს შეისწავლის. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, საქმის შესწავლის შედეგად, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მოსთხოვს, დადგენილ ვადაში, დარღვევად მიჩნეული ან/და ამ კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.