მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზები, რის გამოც შსს ინდოელ ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნება

5d3240d998122
თელარა გელანტია
20.07.19 15:10
11256
„ინდოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები არის განსხვავებული და შეიძლება, ტენდენციები შეიცვალოს წლიდან წლამდე; ხშირ შემთხვევაში უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ვიზიტის მიზნობრიობის დაუსაბუთებლობა და შესაბამისი კატეგორიის ვიზის არქონა“, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ სალუქვაძემ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

ცნობისთვის: ირანის შემდეგ, ინდოეთი მეორეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებსაც ქართველი მესაზღვრეები საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს.

კერძოდ, 2019 წლის 6 თვეში შსს-მ საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა, რომელთა შორის ირანის - 5,565 და ინდოეთის 2,465-მა მოქალაქე იყო.
ირანისგან განსხვავებით, საქართველოს ინდოეთთან სავიზო რეჟიმი აქვს, ამიტომ ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზის აღება სჭირდებათ;

ტურისტული კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ინდოეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსვლა სურთ, ელექტრონულ ვიზას იღებენ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა უკვე საქართველოში ჩამოსულებს შსს ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს.

როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ერთი სახელმწიფო უწყება გასცემს ვიზას, მეორე კი - ქვეყანაში არ უშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს?

შსს-ში ამტკიცებენ, რომ ელექტრონული ვიზა არაა იმის 100%-იანი გარანტია, რომ ინდოეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოს საზღვარზე შემოვიდეს.

„საქართველოს კანონი უცხოეთის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ კერძოდ, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უარის თქმის საფუძველს, რომელსაც იყენებს მესაზღვრე კონტროლიორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ტენდენციები უარის თქმის არის განსხვავებული და შეიძლება შეიცვალოს წლიდან წლამდე. ხშირ შემთხვევაში უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ვიზიტის მიზნობრიობის დაუსაბუთებლობა და შესაბამისი კატეგორიის ვიზის არქონა. მიუხედავად ამისა, ყველა ადამიანს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსავლაზე, გადაეცემა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია უარის თქმის საფუძვლები, ასევე ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია გასაჩივრების ვადები და პირობები“, - განუმარტა bm.ge-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ სალუქვაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი უწყებები მუშაობენ ელექტრონული ვიზის მიღების პროცესის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე.

„ამ მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობს საერთაშორისო კერძო კომპანია VFS Global-თან, რომლის საფუძველზეც მოხდება ელექტრონული ვიზის მიღების პროცესის ადმინისტრირება. შსს-მ და შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა შეიმუშავეს გადამოწმების კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს აპლიკანტმა სავიზო განაცხადის შევსების დროს, ხოლო სერვის-პროვაიდერი VFS Global-ი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებას. ეს, რა თქმა უნდა, გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცესს. მიუხედავად ამისა, ეს არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ პირი შეძლებს ქვეყანაში შემოსვლას. რა თქმა უნდა, ყველა პირი ექვემდებარება სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლს“, - განმარტა სალუქვაძემ.



ცნობისთვის: 19 ივლისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი, რომლის მიზანიც სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე შემოწმებაა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.