04.აპრილი.2016 22:58
ეკონომიკა

მიწის რეგისტრაციის პროცესში, ბიუჯეტიდან აზომვითი სამუშაოს ხარჯების სუბსიდირება მოხდება

მიწის რეგისტრაციის პროცესში, ბიუჯეტიდან აზომვითი სამუშაოს ხარჯების სუბსიდირება მოხდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლება დაურეგისტრირებელი, ან კერძო საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება. ამ საკითხზე მსჯელობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში მოქმედ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლებსა და და კერძო ამზომველებს შეხვდა. ვიცე-პრემიერთან ერთად შეხვედრას ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრა, რომელსაც 400-მდე ამზომველი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის დაწყებამდე ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა მიწის რეგისტრაციისა და საკადასტრო აზომვითი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამზომველებს ასევე დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, რომლითაც ამზომველებმა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

"მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ახალი რეფორმა მიწასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ განვახორციელოთ გლეხის მხარდაჭერა თქვენი მომსახურების მიღებაში და გამოვნახოთ რეზერვები ბიუჯეტში იმისთვის, რომ რეგისტრაციების ნაწილში მოხდეს აზომვების ხარჯების სუბსიდირება. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ვიცით, ვის რა ფასი აქვს დაფიქსირებული აზომვით ნახაზებზე და ამის შესაბამისად დავაფიქსირეთ ზედა ზღვრები, თუ რისი გადახდა შეუძლია სახელმწიფოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. დღეს სწორედ თქვენთან ერთად გვსურს განვიხილოთ ჩვენი გეგმა და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე, რათა შევძლოთ ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კერძო საკუთრების რეგისტრაცია, რათა მაღალი ეკონომიკური ეფექტი მივიღოთ ამ რეფორმიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესი და აღნიშნა, რომ მთავრობა, საბოლოო განკარგულების გამოცემამდე, საკადასტრო-საამზომველო სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს. "ჩვენ თქვენთან საკომუნიკაციოდ გვექნება ცხელი ხაზი და ელექტრონული მისამართი იმისთვის, რომ თქვენგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

22.ივლისი.2019 11:12
58

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
147

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
211

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
471

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
2935

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
693

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად