მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას"

5ce3bd944334a
თელარა გელანტია
21.05.19 12:56
9115
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გაუფასურების მიმართულებით, ლარის კურსის რყევებს საგარეო ფაქტორებით ხსნის.

ამის შესახებ მინისტრმა კურსის კომენტირებისას განაცხადა.

„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ზუსტად ის ნაწილი კი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ყველაზე მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ. წლიდან წლამდე ეს დამოკიდებულება შემცირდება; ალბათ სრულად ვერ გაქრება, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ ამ რყევების ეფექტი “, - განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

ცნობისთვის: 21 მაისის ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო.

ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში თითქმის 2.77 ლარს შეადგენს. ეს გასული 6 თვის მაქსიმალური კურსია.

ჯერჯერობით, ეს ლარის ოფიციალური კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, აღნიშნული გაუფასურება დღესვე ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება.

დოლარის ოფიციალური კურსი დღევანდელი მდგომარეობით, 2.7470 ლარს შეადგენს.