17.ივნისი .2019 00:10

მინისტრი: ოთხჯერ უფრო პატარაა დღეს ანაკლიის პორტი, ვიდრე თავიდან განიხილებოდა

views 3654
უკან

“ანაკლიის მასშტაბის და პორტის მასშტაბის გადახედვა მოხდა და ბევრად უფრო პატარაა, ოთხჯერ უფრო პატარა პორტზე გვაქვს დღეს საუბარი,” - გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პორტის მასშტაბების გადახედვის შედეგად, დღეს აღნიშნული პროექტი რამდენჯერმე უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ის თავდაპირველად მოიაზრებოდა. მინისტრი ასევე ამბობს იმასაც რომ სახელმწიფო საკმაოდ ბევრ დათმობაზე წავიდა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რვა მოთხოვნიდან შვიდის დაკმაყოფილებასთან ერთად, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით პორტისთვის 100 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფისა და 350 მილიონი ლარის ფარგლებში პორტისთვის მიწის გამოსყიდვასა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გაყვანაზე დათანხმდა.

მაჭავარიანის შეფასებით, ახლა ჯერი ანაკლიაზეა, რომელმაც პოტენციურ ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები უნდა დაასრულოს.

“მე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ჩავერთე ანაკლიის საკითხში და უშუალოდ მოლაპარაკებები მიმყავდა კონსორციუმთან და ყველა იმ პოტენციურ მსესხებელთან და ისინი არიან ძალიან მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციები, ეს არის პრაქტიკულად ყველა მსხვილი განვითარების ბანკი მსოფლიოში. მინდა გითხრათ რომ მათ ჰქონდათ საბოლოოდ რვა საკითხი, საიდანაც პრაქტიკულად შვიდი შეთანხმებულია, ნუ გგონიათ რომ ეს შვიდი იყო იოლი შესათანხმებელი. საკმაოდ მძიმე დათმობა იყო სახელმწიფოსთვის, მაგრამ დავთმეთ, ამის გარდა, ვადები რაც შეეხება მეექვსეჯერ გადავუვადეთ, ერთადერთი რაზეც ჩვენ თავი შევიკავეთ და ეს მე მიმაჩნია სწორად, ეს არის ის, რომ დაგვეზღვია ტვირთბრუნვა. მანდ მე მგონია, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსება, 350 მილიონ ლარამდე დაჯდება რკინიგზისა და მაგისტრალების მშენებლობა და პლიუს მიწების გამოსყიდვა. გადავადება რვიდან შვიდ პუნქტში დათანხმება, ეს არის ის, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით მთავრობამ დათმო. ახლა იქით ნაწილი რომ ავიღოთ, კონსორციუმის ნაწილი, პირველ ვარიანტთან შედარებით, იმასთან, რაც დასაწყისში ანაკლიის იდეა გაჩნდა, რასაკვირველია მათი ვალდებულებები შემცირდა, იმიტომ რომ თავისთავად ანაკლიის მასშტაბის და პორტის მასშტაბის გადახედვა მოხდა და ბევრად უფრო პატარაა, ოთხჯერ უფრო პატარა პორტზე გვაქვს დღეს საუბარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე მე მგონი ბურთი ჩვენსკენ აღარ არის, მგონია რომ ისინი შეძლებენ იმ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ამ თემის აწევას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს გამოკვეტილი იმასთან დაკავშირებით, რამდენად უნდა არსებობდეს აღნიშნულ არეალში მეორე ღრმაწყლოვანი პორტი. მაჭავარიანი ამ საკითხზე საჯარო დისკუსიის გააქტიურების მომხრეა.

“გუშინაც როდესაც ვკითხე, ვთვლი რომ ესეც საინტერესო ამბავია, გახდეს საჯარო დისკუსიის საგანი. საინტერესოა, რამდენად უნდა მიეცეს საშუალება ან არ მიეცეს. მე გამოკვეთილი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს,”- ამბობს მინისტრი.