მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების მზა კატალოგს შევთავაზებთ

5ce15d9bd27b9
თელარა გელანტია
19.05.19 19:00
1151
„ეკონომიკის სამინისტრო ის მთავარი საკონტაქტო უწყებაა, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი. სპეციალურად დაინიშნა მინისტრის ახალი მოადგილე - ნიკა ალავიძე, ძალიან გამოცდილი ადამიანი. კერძო სექტორიდან მოდის და მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში. მისი გამოცდილება გამოგვადგება. ესაა ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით მას ისე, რომ ინვესტორს არ უწევდეს სიარული ერთი უწყებიდან - მეორეში და სხვადასხვა ვადაზე აპელირება“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, პოტენციურ ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების მზა კატალოგს შესთავაზებენ, რომელიც „ნებისმიერი გემოვნების ინვესტორზე იქნება მორგებული“.

„ისე არ იფიქროთ, რომ ეს კატალოგი ამიერიდან შეიქმნება. ეს პროექტები შექმნილია სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სფეროში და ახლა საჭიროა, მათი კონსოლიდაცია, განახლება და დამატებით ახალი პროექტების შემომატება. ჩვენ ახლა გვაქვს კერძო საჯარო თანამშრომლოის შესახებ კანონი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ ამ თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავას თქმითვე, საინვესტიციო პროექტების კატალოგი საინტერესო იქნება ინვესტორების იმ კატეგორიისთვის, რომელიც გეგმავს საქართველოში ბიზნესის კეთებას, მაგრამ არაა ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რა სფეროში სურს ინვესტიციის ჩადება.

„სწორედ ასეთი ტიპის ინვესტორებს ჩვენ დავახვედრებთ საინვესტიციო პროექტების გამზადებულ პორტფელს; ეს იქნება სხვადასხვა გემოვნების მქონე ინვესტორებისთვის მისაღები პროექტები. ზოგს ურჩევნია სწრაფი უკუგება - ასეთი ტიპის პროექტებიც გვაქვს, მაგალითად, სასტუმრო ბიზნესში ინვესტირების გზით, სადაც როგორც წესი, 5-წლიანი უკუგებაა და სადაც საკმაოდ მაღალია უკუგების კოეფიციენტი. ზოგიერთს უნდა ისეთი პროექტი, რომელიც უფრო ხანგრძლივ უკუგებაზე მოდის, მაგრამ უნდა უფრო სტაბილური, დაზღვეული და ნაკლებად სარისკო - მაგალითად, ენერგეტიკაში არის ასეთი პროექტები“, - განმარტა მინისტრმა.