მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

5ce1091ab9677
თელარა გელანტია
19.05.19 11:51
934
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მიესალმება ინვესტორებს ყველა ქვეყნიდან.

ამის შესახებ მინისტრმა BMG-ისთან ინტერვიუში საინვესტიციო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ აქამდე იმდენად დიდი იყო ნაკადი ინვესტორების, რომ გვქონდა ფუფუნება, უფრო რეაქტიულები ვყოფილიყავით ანუ შემოდის ინვესტორი, ვახვედრებთ რაღაცას და ვრეაგირებთ, ახლა უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ აქ კონკრეტული, მიზნობრივი ინვესტორები, ვინც ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი განვითარებისთვის. ვინ გვაინტერესებს ჩვენ? - ჩვენ გვაინტერესებს ისეთი ტიპის ინვესტორი, ვინც თანხას ჩადებს ისეთ დარგებში, რომელიც მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნის აქ, ადგილზე. იმიტომ რომ, ჩვენ გვინდა ისეთი დარგები, რომელიც არა - უბრალოდ გაზრდის ჩვენს მშპ-ს, FDI-ის მაჩვენებელს, არამედ მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ადგილზე მეტი ცოდნის გაჩენის საშუალება იქნება, ახალ კორპორატიულ ეთიკას შემოიტანს ანუ ხარისხიანი ზრდა იქნება ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა მიესალმება ინვესტორებს ყველა ქვეყნიდან.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნიდან ინვესტორს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მივესალმებით გლობალურ კორპორაციებს, რადგან ჩევნ ვსაუბრობთ რომ ახალი ცოდნაც უნდა შემოვიტანოთ, მოწინავე ტექნოლოგიებიც უნდა შემოვიტანოთ. ახალი კორპორატიული ეთიკა და კულტურა დავამკვიდროთ, იგივე სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ნორმები უნდა დავამკვიდროთ“, - აღნიშნა თურნავამ.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში მილიარდ 230 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. ამასთან, ამავე წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკის 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან - 6-ში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია.