18.აპრილი.2019 18:30
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, სავალუტო დეპოზიტების განაკვეთი შეამციროს

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, სავალუტო დეპოზიტების განაკვეთი შეამციროს
დღეიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით, 28%-მდე გაეზარდათ.

ეროვნული ბანკის განმარტებით, დარეზერვების მოთხოვნის ზრდა ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება, თუმცა მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.

BMG ამ ცვლილების შესაძლო შედეგების შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით რუსიას ესაუბრა. მისი შეფასებით, არაა გამორიცხული რომ ამ ცვლილებამ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო სარგებელი შეამციროს.

2019 წლის მარტის მდგომარეობით, დოლარში დეპოზიტის საშუალო სარგებელი 3.11%, ევროში კი 1.61%-ის ტოლია.

დავით რუსიას განცხადებით, ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი ლარის მიმზიდველობის ზრდას გეგმავს, თუმცა ბანკების ასოციაცია ამ მიზნის მისაღწევად სებ-ს სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის ფორვარდული გარიგებებისა და ჰეჯირების სისტემის დანერგვას ურჩევს.

"ეროვნული ბანკი ძვირი ფულის პოლიტიკას მიმართავს, ოღონდ უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში და ეს უკვე ტენდენციის მატარებელია. დოლარიზაციის კოეფიციენტი ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით, 56%-60%-ის ფარგლებშია. თუკი ეროვნულ ბანკს უნდა რომ ლარიზაცია წარმატებული იყოს, მან სავარაუდოდ ახალი ინსტრუმენტები უნდა მოიგონოს, რომლითაც დოლარსა და ევროში შემოსულ თანხებს, ბანკები შეძლებენ და სპოტური გარიგებით გაყიდონ ეროვნულ ბანკზე და ფორვარდულად, რაღაც ოფციონით, ერთი წლის განმავლობაში უკან იყიდონ. ეს მეორეს მხრივ, ჰეჯირების ბაზარს განავითარებს, ამით სადაზღვეო კომპანიებს მიეცემათ საშუალება, რომ უკვე ახალი ინსტრუმენტი შემოიტანონ და ეროვნულ ბანკს მოუწევს უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რომ მოსახლეობამდე დაიყვანოს ამ გადაწყვეტილების შესახებ იფორმაცია.

დღეს-დღეისობით თუ მარტო ბანკებს მივენდობით, ისინი დეპოზიტებზე უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებენ. შეიძლება მათ ჰქონდეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ მეტი ლარი მოიზიდონ, მაგრამ ეს მეტი ლარი მაშინ საიდანღაც უნდა გაჩნდეს. ეროვნულმა ბანკმა რომ გამოუშვას მეტი ლარი, შესაბამისად ეს ან მულტიპლიკატორის კოეფიციენტს დააგდებს და ფულის ბრუნვის ტემპს შეცვლის, ან ამით ინფლაცია გაზარდოს. ფასების სტაბილურობის შენარჩუნება კი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან სწორია.

თუმცა, ბანკებმაც რომ აუბან მას მხარი, სებ-ისგან უფრო მეტი საინფორმაციო მხარდაჭერა არის საჭირო, მეორე კი გარკვეულწილად სპოტური ბაზრიდან ფიუჩერსულ ბაზრად გადაქცევის ღონისძიებების გატარება.

შეგვიძლია მომხმარებლები პირობითად, ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ესაა დამზოგავი მოსახლეობა, მეორე კი მსესხებელი. მსესხებელი მოსახლეობისთვის ის შეიცვალა რომ 200,000 ლარამდე სესხები უშუალოდ ლარში უნდა გავიდეს. რაც შეეხება დამზოგავ მოსახლეობას, მათთვის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ბანკები უგივე საპროცენტო განაკვეთებს შეინარჩუნებენ, რომ ლოიალობა შეინარჩუნონ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეტაპობრივი შემცირება შეიძლება მოუწიოთ უცხოურ ვალუტაში მიღებულ დეპოზიტებზე. თუმცა ეს იქნება თუ არა მოსახლეობისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ მოქალაქეებმა უცხოური ვალუტა გაყიდონ და ლარში მოახდინონ დეპონირება, ამის თქმა ამ ეტაპზე გადაჭრით არ შეიძლება. ვერც საბანკო ასოციაცია, ვერც კომერციული ბანკები და ვერც ეროვნული ბანკი ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვან პოზიციას ამ მიმართულებით ვერ დააფიქსირებენ.

დოლარში სესხების გაძვირება მოსალოდნელი არაა. რადგან 200,000 ლარამდე გაიზარდა სავალუტო სესხების ნორმა, ბანკები შეეცდებიან, რომ უფრო მსხვილი სავალუტო სესხები გასცენ. მსხვილ სესხებს კი შესაბამისად დანახარჯები ნაკლები აქვს. შესაბამისად ბანკები შეეცდებიან, რომ ამ ეკონომიკაში ჩაჯდნენ", - BMG-სთან ამბობს საბანკო ასოციაციის მთავარი ანალიტიკოსი დავით რუსია.

19.ივლისი.2019 13:54
40

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
61

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
103

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:11
92

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:02
131

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 11:27
120

როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგების მართვისას რისკების კონტროლი

ვრცლად