09.აპრილი.2016 16:38
ბიზნესი

Microsoft-ის ლიცენზირება - რა დაუჯდება ქართულ ბიზნესს საავტორო უფლებების დაცვა?

Microsoft-ის ლიცენზირება - რა დაუჯდება ქართულ ბიზნესს საავტორო უფლებების დაცვა?
Windows, Microsoft Word, Excel - ამ და სხვა პროგრამებით წლობით ვსარგებლობთ ისე, რომ ვერ ვაცნობიერებთ - ეს ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ხდება, მაშინ როცა მათ კონკრეტული ფასი აქვთ. ბიზნესს ამ ფაქტის გაცნობიერების საკითხი ახლა უდგას.
 
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირების დონზე ძალიან მაღალია, Microsoft-ს სურს საკუთარი საავტორო უფლებები დაიცვას და ეს ბიზნესის ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათთვის დიდ ხარჯთან ასოცირდება პროგრამების ლეგალურ მოხმარებაზე გადასვლა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავრობა უკვე სრულიად ლიცენზირებულ პროგრამებს მოიხმარს, სავარაუდოა მალე ბიზნესსაც მოუწევს იგივე.

სავარაუდო გათვლებით, თუ კომპანიას აქვს 30 კომპიუტერი და გადაწყვიტა გადავიდეს „მაიკროსოფტის“ პროდუქტების ლიცენზირებულ მოხმარებაზე, ერთჯერადად „ვინდოუსის“ ლიცენზიისა და საოფისე პროგრამების პაკეტის შეძენა დაუჯდება 10 ათასი დოლარი, ხოლო შემდგომში მხოლოდ საოფისე პროგრამების პაკეტით ყოველწლიურად განახლება 3500 დოლარზე მეტი.

ამ გათვლებს თუ დავეყრდნობით და გავითვალისწინებთ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესსუბიექტების რაოდენობას ქვეყანაში, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მიერ გაჟღერებული 1 მილიარდი დოლარი, რომელიც მისი თქმით „მაიკროსოფტის“ ლეგალური კოპირების შედეგად ყოველწლიურად გავა ქვეყნიდან, შესაძლოა სულაც არ იყოს საფუძველს მოკლებული თანხა.

"უხეში ციფრებით 1 მილიარდი უნდა გავიდეს ამ ქვეყნიდან წლიურად, რომ Microsoft-ის მოხმარება "გათეთრდეს". წარმოიდგინეთ ეს ეკონომიკაზე, ლარზე რა ზეგავლენას იქონიებს. მეორე მხარეა რომ ჩვენ შავ სიაში არ გვინდა ვიყოთ. ერმა ვიღაცის ინტელექტუალური საკუთრება არ შეიძლება ვიპაროთ. გადაუდებელი არ არის, მაგრამ უკვე იყო ფაქტები, რომ ჩვენს ქვეყანაში Microsoft-მა თავისი ინტერესების დაცვა დაიწყო“, - აცხადებდა "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ლაშა პაპაშვილი.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მთავრობას დიდი პროგრესი აქვს.

„ჩვენ არა ერთხელ Microsoft-თან ურთიერთობაში აღვნიშნეთ, რომ მთლიანად ქვეყნის რეფორმის ფარგლებში, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გადავიდნენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე", - აცხადებს ქუმსიშვილი.

გაურკვეველია, რას იგულისხმება მინისტრის მიერ ნახსენებ თანმიმდევრულობაში, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობა ბიზნესისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის პროცესის გასამარტივებლად „მაიკროსოფტთან“ რაიმე ტიპის ერთიანი სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებული არ არის. „მაიკროსოფტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში პროდუქტების ფასებზე არ ისაუბრეს და პარტნიორებთან გადაგვამისამართეს, თუმცა გვითხრეს, რომ კომპანია ცდილობს დაიცვას საკუთარი საავტორო უფლებები, თუმცა არა ყოველთვის სამართლებრივი გზით და მოქნილობას ინარჩუნებს იმ ბიზნესებთან მიმართებაში, ვისაც სურს თანამშრომლობა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ბოლო ორ წელში სულ 7 სამართლებრივი დავა ჰქონდათ, საიდანაც ორის გარდა ყველა მორიგებით დასრულდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიებმა, რომლებიც ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, უნდა გადაიხადონ ამისთვის. როდესაც საუბარია პროგრამების პირადულ გამოყენებაზე, ვერ აანალიზებენ, რომ ამას ჰყავს კონკრეტული მსხვერპლები. როდესაც გაქვს პირადული მოხმარების მაღალი დონე ეს ნიშნავს, რომ მთავრობა კარგავს შემოსავალს, მაგალითად დღგ-ს სახით. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ კომპანიებს რატომ არის საჭირო ლიცენზია“, - აცხადებს "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას „მაიკროსოფტ საქართველოს“ იურისტი ჯეკ პინადა.

Office 365 საოფისე პროგრამების ახალი თაობის პაკეტია, რომელიც ძირითადად „ქლაუდ“ ტექნოლგიაზე მუშაობს და მისი ფასები იმის მიხედვით მერყეობს, თუ რა შედის პაკეტში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ის ჩვეულებრივ საოფისე პაკეტზე იაფი ღირს, თანაც 365-ის ზოგიერთი პაკეტი იძლევა offline-ში მუშაობის საშუალებასაც. სწორედ ამიტომ „მაიკროსოფტის“ ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორ კომპანიაში, UGT-ში, რომელმაც ქვეყნის მთავრობის ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლის 19 მილიონიანი პროექტი განახორციელა, იმ ბიზნესებისთვის, ვისაც შეღავათიანი ფასები აწყობს, რეკომენდაციას უწევენ 100 დოლარიან Office 365-ის საოფისე პაკეტს და პირდაპირ „ვინდოუსის“ უზრუნველყოფით აღჭურვილი კომპიუტერის შეძენას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას კომპიუტერები აქვს და მხოლოდ ლიცენზირებულ მოხმარებაზე გადასვლა სურს, ფასები განსხვავებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაიკროსოფტის“ ერთი და იგივე პროდუქტები საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის უფრო იაფია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

Business Software Alliance-ის კვლევა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აჩვენებს, რომ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირების დონე დროთა განმავლობაში ნელა, მაგრამ მაინც იკლებს, შესაბამისად იკლებს ის ზარალიც, რასაც ეს არალეგალური კოპირება აყენებს „მაიკროსოფტს“ და სახელმწიფო ბიუჯეტს. ამის დასტურად, „მაიკროსოფტის“ კიდევ ერთმა ადგილობრივმა პარტნიორმა, „მონტ ჯორჯიამ“ საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვების საფუძველზე მოგვწერა, რომ ქვეყანაში ლიცენზირებული პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. Business Software Alliance-ის მორიგი კვლევა წელს უნდა გამოქვეყნდეს და მხარეები ვარაუდობენ, რომ არალეგალურ კოპირებასთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება.

19.აგვისტო.2019 19:16
18433

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3429

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
472

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
535

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
719

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად