მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთხილე ფერმერები: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები დაგვიანებულია

594cbd8219af7
დავით ჯალაღონია
23.06.17 11:03
3145
აზიური ფაროსანას გასანადგურებლად თხილის პლანტაციების შეწამვლა გრძელდება. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის რაიონში ფერმერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები დაგვიანებულია.

სოფელ ინგირის მაცხოვრებელი შაქრო ხურცილავა „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეწამვლა დაახლოებით თვენახევრის წინ იყო საჭირო, თუმცა არც პრეპარატები იყო ხელმისაწვდომი და ამინდიც სამუშაოდ ცუდ პირობებს ქმნიდა.

„შარშან მოსავლის 20% თუ იყო კარგი, წელს უფრო უარესი მდგომარეობაა. წელს ერთი ტონიდან 100 კილოზე მეტს არ ველი კარგ მოსავალს. თხილის გული არის დამპალი. ნაყოფი რომ იზრდებოდა, მაშინ რომ შეეწამლათ, უკეთესი იქნებოდა, ან ჩვენთვის რომ დაერიგებინათ ეს წამლები, მე თავად შევწამლავდი და პრობლემა არ იქნებოდა“, - აღნიშნავს შაქრო ხურცილავა.

ანალოგიურ ვითარებას აღწერს ადგილობრივი როლანდ ცაავა.

„შარშან და წელს თხილი დალპა. დასაქმება არ არის, სამუშაო ადგილები არ არის და ერთდაერთი შემოსავლის წყარო თხილია. სამეგრელოში ორი წელიწადია ხალხს ბანკების ვალი აქვთ და რითი გადაიხადონ არ იციან. მთავრობამ კი შემოიტანა შესაწამლი, მაგრამ უკვე გვიანია. თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“, - აცხადებს როლანდ ცაავა.

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დაგვიანებულად არ მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი განცხადებით, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქიმიური წამლობის კამპანიასაც ატარებს, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომელიც კომპლექსურად ხორციელდება ამ მავნებელთან ბრძოლოს ნაწილში“.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რაშიც დახმარებას მედიასაც სთხოვს.

“კარგი იქნება, თუ თქვენც მოგვეხმარებით, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონული მაუწყებლების საშუალებით აქტიურ კომუნიკაციაში იყო ადგილობრივებთან. ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალებით, სოციალური ქსელებით ვავრეცელებთ ინფორმაციას, რომ ზუსტად ავუხსნათ მოსახლეობას“, - განმარტა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ეს კამპანია ყველაზე მაღალ დონაზეა ორგანიზებული“.

„რაც შეეხება წამლობას, რა თქმა უნდა ეს დამოკიდბულია ბევრ ფაქტორზე - ამინდზე, მავნებლის განვითარების იმ ფაზაზე, როცა ეფექტურია წამლობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩარევა უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა ახალი გამოჩეკილია მავნებელი. ამის გამო ყველგან, სადაც პრობლემაა განთავსდა ხაფანგები, რომელიც ამ მავნებელს იზიდავს. ყველაფერი გეგმიურად, იმ წესების მიხედვით მიდის, რომელზეც სპეციალისტები თანხმდებიან. ეს იქნება მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 100%-ით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი იქნება საჭირო.

„მხოლოდ ქიმიური წამლობა საკმარისი არ არის და საჭიროა, თავად მოსახლეობამაც გამოიჩინოს საკმაოდ დიდი ყურადღება. მავნებელი ბრუნდება შემოდგომაზე თბილ ადგილებში, ეძებს სახლის სახურავებს. ამიტომ საჭიროა გარკვეული კუსტარული ხაფანგების მოწყობა. ეს არის დეტალები, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან მუშაობს. ის მოსაზრებები უსაფუძვლოა, რომ ჩვენ რაიმე დავაგვიანეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და მავნებელმა მეთხილეობის დარგს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის მოცულობის ზარალი მიაყენა. შესაბამისი პრევენციული ღონისძიებებისთვის საქართველოს მთავრობამ 7.5 მილიონი ლარი გამოყო, ამერიკის მთავრობამ კი - 5 მილიონი.