მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერის მოადგილე: მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ ინტეგრირდება ბილეთები

5d2f365d26db7
სალომე მეცხვარიშვილი
17.07.19 19:00
2717
რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ინტეგრირებული ბილეთების შემოსვლის შემდეგ, ანუ 2021 წლის ზაფხულისთვის?

თბილისის მერის მოადგილე გადაცემა “საქმის კურსში” განმარტავს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს 2 გადახდას ახორციელებენ, მომავალში ამის გაკეთება ერთხელ მოუწევთ.

“რაც შეეხება ტარიფს, აქ გაძვირებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ინტეგრირდება (ბილეთები). მე თუ დღეს 50 თეთრს ვიხდი ერთ სატრანსპორტო საშუალებაში და მეორეში 80-ს და ორჯერ ვიხდი ამას, ერთხელ გადავიხდი 80+50 და ვიმგზავრებ იმ დროის განმავლობაში, რომელიც იქნება ამისთვის დადგენილი”,- აცხადებს მაია ბითაძე.

მისივე განმარტებით, ყველა ის შეღავათი, რომლითაც დღეს სარგებლობს მოსახლეობა, შენარჩუნდება, საუბარია სამგზავრო შეღავათებზე მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, პენსიონერებისთვის და ა.შ.

“თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ტარიფი, რაც დღეს თბილისში მოქმედებს, ამ რეფორმისა და ინვესტიციის გათვალისწინებით, ადეკვატური თანხა არ არის. თუმცა, სახელმწიფო დღეს როგორც ასუბსიდირებს ამ 50 თეთრიან ტარიფს, მომავალშიც მოხდება იმ სოციალური მდგომარეობის გათალისწინება, რომელიც საქართველოში არსებობს”,- აცხადებს მაია ბითაძე.

ინტეგრირებული ბილეთების შემოღება თბილისის მერიამ გუშინ დააანონსა. საუბარია იმაზე, რომ მეტროში, ავტობუსებსა და მიკროვატბუსებში ერთი ბილეთით მგზავრობა იქნება შესაძლებელი.