მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია დედაქალაქში ინვესტირების მსურველებს წლის ბოლომდე დააკვალიანებს – რუკა ინვესტორებისთვის

5d61372974480
დავით ჯალაღონია
25.08.19 11:45
1187
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას განცხადებით, მერია ეკონომიკური რუკის პროექტზე მუშაობს.

როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განმარტა, რუკაზე თავს მოიყრის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დედაქალაქში სად, რა სახის ბიზნესია განვითარებული.

"მალე ჩაეშვება ეკონომიკური რუკის პროექტი. ეს იქნება ცოცხალი, ინტერაქტიული რუკა, სადაც ადამიანს შეეძლება ნახოს, რა ტიპის ბიზნესები მუშაობს დღეს თბილისში. შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ რუკის მიხედვით მათი დაჯგუფება და უბნების მიხედვით ნახვა, თუ სად არის ბიზნესი კონცენტრირებული.

ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, პირველ რიგში, ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ გაფართოებას, ან ახალი ბიზნესის დაწყებას. ამ პროექტზე იყო ინტერესთა გამოხატვა, ახლა მიდის ინტერაქტიული რუკის შედგენა და წლის ბოლომდე მას გავაცნობთ საზოგადობას", – განმარტა ანდრია ბასილაიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მერიამ დაიქირავა კომპანია „დელოიტი“, რომელმაც დედაქალაქში პოტენციური საინვესტიციო სექტორები შეიმუშავა.

ცნობისთვის: Deloitte-მა აქცენტი საკუთარ კვლევაში რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე – ტურიზმზე, ჯანდაცვაზე, ფარმაცევტულ სექტორზე, ასევე კრეატიულ მიმართულებებზე გააკეთა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ფარმაცევტული წარმოების 95% თბილისშია თავმოყრილი, სექტორის წლიური ბრუნვა კი, 419 მილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, კვლევის მიხედვით, თბილისის სავაჭრო ცენტრების ფართობის 32% - ტანსაცმელსა და აქსესუარებს, 21% - გრძელვადიანი მოხმარების საყოფაცხოვრებო საქონელს, 10% - ელექტროტექნიკას, 9% კი, გართობას ეთმობა.

კრეატიული სექტორის წლიური ბრუნვა კი, 93 მილიონ დოლარს შეადგენს. კრეატიული სექტორი საკუთარ თავში მოდას - ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებას და სარეკლამო კომპანიებს მოიცავს. სარეკლამო მიმართულებით ბაზრის ზრდა - 29%, ხოლო მოდის მიმართულებით ბრუნვის ზრდა 64%-ს შეადგენს.