მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერაბ კაკულია: უარყოფითი მოლოდინების გაქარწყლებამ სავალუტო ბაზარს ძალიან დიდი პრესი მოხსნა

571a39229917d
BM.GE
22.04.16 18:41
2052
ეროვნული ვალუტა 27 თებერვლის შემდეგ 24 პუნქტით არის გამყარებული. ლარის კურსის ცვლილებაზე "ბიზნესკონტაქტთან" ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ კაკულია საუბრობს.
 
- ბატონო მერაბ, რამ შეცვალა ლარის რყევა ასე რადიკალურად?

- მხოლოდ გამოზაფხულებას და სეზონურ ცვლილებას ეს პროცესი არ უკავშირდება. ჩვენ რომ ობიექტურად შევხედოთ, ფუნდამენტურ ფაქტორებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელსაც განეკუთვნება ეკონომიკის საგარეო სექტორში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, სავაჭრო ბალანსი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და ა.შ. საქონლით სავაჭრო ბალანსის კუთხით სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. პარალელურად ექსპორტიც მცირდება, იმიტომ რომ საგარეო ბაზრებზე რთული მდგომარეობაა. ასე, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ზომის გამყარება მოეხდინა ეროვნული ვალუტის, ბაზარზე არ მომხდარა.

- ფაქტია, რომ სამეზობლოშიც შედარებით მიწყნარდა სიტუაცია...

- სანამ სამეზობლოს შევეხებით, სხვა ფაქტორებსაც აღვნიშნავ. კერძოდ, ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ შემცირების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა შემცირების ტემპმა წინა პერიოდთან შედარებით მოიკლო, შედარებით დადებით ფაქტორად შეიძლება იქნას აღქმული, ტურიზმის ნაწილში გვაქვს სერიოზული დადებითი შემოდინებები, ტურისტული მომსახურების ექსპორტი მკვეთრად გაზრდილია, აქედან შემოსავლები მატულობს თუმცა, ვფიქრობ, რომ მათი მატებაც არ არის იმ ზომის, რომ ჩვენთვის ესოდენ დიდი გამყარების დიაპაზონი მოეცა. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ფულის, ლარის მასას შეეხება. როგორც ვვარაუდობდით კერძოდ, სარეზერვო ფულის მასა წინა თვეში არსებითად შემცირდა. უფრო ადრე მეორე მნიშვნელოვანი ფულადი მაჩვენებლის M2 ფულადი აგრეგატის კლების ტენდენციაც შეინიშნებოდა, ასე, რომ გარკვეულწილად ეს ფაქტორიც ხელს უწყობს. მაგრამ არსებითად მიმაჩნია მოლოდინების გაქარწყლება, რაც სამეზობლოში და ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, ნავთობის მსოფლიო ბაზრის კონიუქტურის ცვლილების გამო, რომელიც ამ ეტაპზე ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის ტენდენციას უწყობს ხელს, სიტუაცია გაუმჯობესდა რუსეთში, საიდანაც ჩვენ ძალიან დიდ ფულად გზავნილებს ვიღებთ და გარდა ამისა, ის ჩვენთვის საექსპორტო ბაზარია. აზერბაიჯანში სიტუაცია დასტაბილურდა, სიტუაცია უკეთესია თურქეთში. აქედან გამომდინარე ის ნეგატიური მოლოდინები, რომლებიც ამ ქვეყნებში წლის დასაწყისში განვითარებულმა უარყოფითმა ტენდენციებმა წარმოშვა, მნიშვნელოვანწილად გაქარწყლდა და ამან შიდა სავალუტო ბაზარს ძალიან დიდი პრესი მოხსნა.

უარყოფითი მოლოდინები სპეკულაციურ გარიგებებს უბიძგებს და შემდეგ მისი ჰიპერტროფირება ხდება. საჭიროზე გაცილებით მეტს ყიდულობენ გარკვეული არბიტრაჟის მიღების მიზნით. ეს მომენტი მოიხსნა და ცხადია არსებითად დაეტყო. მაგრამ ეს შეიძლება იყოს 10 თეთრის ფარგლებში და არა უმეტეს. ამიტომ მკრთალი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომელიც ჯერ სტატისტიკური მონაცემებით დადასტურებული არ არის, რომ ალბათ რაღაც საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან შეიძლება უკვე საქმე გვქონდეს, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია იმიტომ, რომ მონაცემები ჯერ არ გვაქვს.

- შიდა ფაქტორები ინსტიტუციონალური, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, ტიპიურად ახალი ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ღია დაპირისპირება აღარ მიდის...

- ესეც უარყოფითი მოლოდინების გაქარწყლების ნაწილია. ცალკე გამოკვეთილი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს შეიძლება არ იყოს, მაგრამ პოზიტიურ განწყობას აღძრავს იმ თვალსაზრისით, რომ მაკროეკონომიკური მენეჯმენტი ქვეყანაში ამ ცვლილებების შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს და შესაბამისად შესაძლოა უკეთესი მონაცემები მივიღოთ.