მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე სუფთა ვარ" - ლაურა ღაჭავა ირწმუნება, რომ ყალბი დღგ-ის სკანდალურ სქემასთან კავშირი არ აქვს

5d5d0d80b0d7b
თელარა გელანტია
21.08.19 13:21
1081
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს, 14:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლას აპირებს.

როგორც მან bm.ge-ისთან განაცხადა, მისთვი უცნობია რას ედავება საგამოძიებო სამსახური.

„აზრზე არ ვარ... ვერაფერს გეტყვით; მე სუფთა ვარ. მივალ ფინანსურ პოლიციაში და მერე შემეძლება კომენტარის გაკეთება. მე არაფერი კავშირი არ მაქვს დიდ სქემასთან“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნასა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით იმ სკანდალურ სქემას შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართა.

„გაცნობებთ რომ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 1 პირის - ლაურა ღაჭავას მიმართ.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჯა ფანოზიშვილმა.