მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარეების კალაპოტში მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვებას კანონი დაარეგულირებს

5729c8df726af
BM.GE
04.05.16 14:01
1515
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები და სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო.
 
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა.

კერძოდ როგორც გარემოს დაცვის სამინისტრში განმარტავენ, ფუჭდება და იკარგება რესურსი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის მიერ;

"ხდება მდინარეების კალაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება; ასეთი კატეგორიის რესურსის ტრანსპორტირებისთვის ჯარიმდება მოსახლეობა რადგან არ არსებობს რეგულირების მექანიზმი; აღრიცხვიანობის არარსებობის პირობებში მაღალია ბრაკონიერობის რისკები.

ინიცირებული ცვლილება არ ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას.

მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის განსაზღვრული კატეგორია - 12 სმ-მდე დიამეტრის მქონე ხე-ტყე მოსახლეობის მიერ მოიპოვება უნებართვოდ, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად; 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება შესაძლებელი იქნება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების დატოვების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშების და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ. არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფირნიშების საფასურის - 1 კბმ-ზე 3 ლარის გადახდა.

მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულებრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მერქნულ რესურსზე მოსახლეობის წვდომის გამარტივება. გარდა ტყეში არსებული ბუნებრივად ან სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ძირნაყარი რესურსისა, არსებობს მდინარეების კალაპოტებში ასევე სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე.

საქართველოს მდინარეების ღვარცოფული ხასიათიდან გამომდინარე ასეთი რესურსი სეზონურად ხშირად აკუმულირდება ამა თუ იმ მდინარის კალაპოტში, რაც ერთის მხრივ, იწვევს მდინარეების ჩახერგვას და ზრდის კალაპოტის შეცვლისა და წყალმოვარდნის საშიშროების რისკებს, მეორეს მხრივ, ეს რესურსი ხშირ შემთხვევაში ლპება გამოუყენებლად, კარგავს მერქნულ ღირებულებას, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მისი სათბობად გამოყენება. დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი”, - განმარტავენ სამინისტროში.

ცვლილების შედეგად ეროვნული სატყეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი - სოციალური და ეკონომიკური მიზნით. სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას მიეცემა საშუალება კანონიერად მოიპოვოს და განახორციელოს ტრანსპორტირება.