მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მათგან, ვისაც პორტის შესახებ სმენია, 85% ფიქრობს, რომ ის ქვეყანას სარგებელს მოუტანს

5ce3a5efc6905
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 11:06
1466
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის პორტისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მოსახლეობის განწყობებს ასახავს. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 76%-ს სმენია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, ხოლო მათგან, ვისაც ამ პროექტის შესახებ სმენია, 85% ფიქრობს, რომ ახალი პორტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება. 

რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს, მის შესახებ მოსახლეობის 68%-ს სმენია, ხოლო მათგან, ვისაც ამ საქმის შესახებ სმენია, 62% ფიქრობს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 

დღეს, 21 მაისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხევდრა გაიმართება.

შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილება.

შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირები და ოთხი დიდი საერთაშორისო ინსტიტუტი - EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ ეს ის წამყვანი ბანკებია, რომელთაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 400 მლნ დოლარით უნდა დააფინანსონ.

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2,927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, ცალკეულ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).