მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

5ce01b60b4a1f
ელენე გოგბერაშვილი
19.05.19 11:10
6280
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს ხეობა შესაძლოა ოთხსეზონიან კურორტად იქცეს.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე მოიწონა მერიის მიერ ინიცირებული ლებარდეს ხეობის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალება, სადაც გაწერილია პრიოტეტები და ხეობის ზონებად დაყოფა, სადაც სასტუმროები, კოტეჯები და პარკირების ადგილები უნდა განთავსდეს.

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსი გაბისონიას თქმით, შემდეგი ეტაპია ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ლებარდეს ხეობის პოტენციალზე, პროცესები გააქტიურდა. აღნიშნულ პროექტთან თანხვედრაშია მდინარე ტეხურზე ჰესების კასკადის მშენებლობა, რომლის პროექტში მითითებულია, რომ უნდა აშენდეს ლებარდამდე მისასვლელი გზა, თავისი განათებით“, - აცხადებს გაბისონია.

მისი თქმით, კურორტისადმი ინტერესი სულ იყო, თუმცა ნაკლები ცნობადობის გამო, აქამდე ამ ტერიტორიის განვითარება არ მომხდარა.

კურორტის ახლებური პერსპექტივა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.

როგორც გაბისონია bm.ge-ისთან ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სამომავლოდ კურორტი ყველა სეზონზე იქნება თუ არა გათვლილი, თუმცა უკვე მიმდინარეობს შერჩევა და განხილვა ხეობის ერთ-ერთი ფერდობის, სადაც შესაძლოა სათხილამურო ტრასა განთავსდეს.

კურორტი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში განვითარდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის მიუხედავად ტურისტების ნაკლებობას არც ახლა უჩივის.
ლებარდე ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და იქ არსებული სამკურნალო წყლები დიაბეტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება.