მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 154,965,000 ლარით, ანუ 27.5%-ით დაეცა

5cc18c03c526d
შოთა ტყეშელაშვილი
25.04.19 14:30
1293
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ საქართველოს საბანკო სექტორზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტში ლარში ნომინირებული მიკროსესხების გაცემა მკვეთრად არის დაცემული. 

2019 წლის მარტში სულ 408,517,000 ლარის მოცულობის 5000 ლარამდე ღირებულების სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მარტში არსებულ 563,479,772
ლართან შედარებით 154,962,772 ლარით, ანუ 27.5%-ით ნაკლებია. 

რაოდენობრივად მარტში სულ ამ კატეგორიის 1,115,513 ერთეული სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 2018 წლის მარტთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია. 

2019 წლის პირველ კვარტალში ჯამურად, 5000 ლარამდე მიკროსესხების ვარდნამ ჯამურად 406,782,207 ლარი, ანუ 25.7% შეადგინა. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. 




"მჯერა, რომ თუ ეროვნული ბანკი საჭიროებას დაინახავს, გადახედავს რეგულაციებს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, საკმარისი ვადა გავიდა თუ არა. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული, რომ რეალურად გაზომვადი გახდეს, რა მოიტანა ამ რეგულაციებმა. ამ ეტაპზე, მაჩვენებლები ცუდი არ არის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესხები იზრდება, ასევე არის სამომხმარებლო სესხებისა და იპოთეკის ზრდაც. მჯერა, ასე გაგრძელდება. თუ დავინახეთ, რომ არის შენელება, რომელიც გამოწვეულია რეგულაციებით, ყველა იპოვის ძალას გადახედოს რეგულაციებს. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ დგას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

რაც შეეხება უფრო დიდი მოცულობის ლარის სესხებს, ამ პორტფელში ზრდა შეიმჩნევა. მარტში 5000 ლარს ზემოთ სესხების კატეგორიაში 1,248,527,000 ლარის მოცულობის სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 388,831,000 ლარით მეტია. 

შესაბამისად, საბანკო რეგულაციების გავლენა გაცილებით დიდია ყველაზე მცირე მოცულობის სესხებზე, რომელთაც მოსახლეობის ფართო ფენა იღებს. 

მთლიანად 2019 წლის პირველ კვარტალში ლარში ნომინირებული სესხების გაცემამ 4,351,893,000 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. 

საბანკო რეგულაციების ძირითადი პაკეტი 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შედეგად, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება. 

ამასთანავე, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად კი, 4 წელი განისაზღვრა. 

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ნორმით კი, თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა ის ჰიპოთეტური ჭერი, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს. 

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 2000 ლარი, თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, რომლის მომსახურებაც თვიურად 900 ლარს აჭარბებს. 

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ჭერი ასეთია: 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს); 

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს); 

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.