23.მაისი .2019 22:01

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

views 806
უკან

პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლარის გაუფასურების თემასა და მის გამომწვევ ფაქტორებზე ისაუბრა.

როგორც მან "TV პირველზე", ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციაში" წამყვანის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანას მძიმე მემკვიდრეობა ერგო.

"ჩვენ ვიმკით ძალიან მძიმე მემკვიდრეობის შედეგებს. საქართველო არის მცირე ეკონომიკა და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ ისტორიულად გვერგო, არის ის, რომ ქვეყანა კატასტროფულად იყო დამოკიდებული იმპორტზე. ამას უწოდებენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და ჩვენ გვქონდა ერთ–ერთი ყველაზე ცუდი პარამეტრი მსოფლიოში. როდესაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 12% და 13%–ია, წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევაზე ვისაუბროთ.

ჩვენ შევძელით და ეს დეფიტიცი გავანახევრეთ. დღეს ჩვენი ექსპორტი ყველაზე დიდია, ისტორიულ მაქსიმუმზეა. ჩვენი შემოსავალი მომსახურების სფეროდან, მათ შორის ტურიზმიდან არის ისტორიულ მაქსიმუმზე და ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ჩანაცვლება აქტიური ტემპებით.

მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქცია რომ ავიღოთ, 900 მილიონის დეფიციტი გვქონდა, ქვეყანა გამოკვებასაც ვერ ახერხებდა თავისი თავის. დღეს ეს 300 მილიონზე ჩამოვიდა. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ საქართველო თავსი მცირე ეკონომიკით უნდა გავხადოთ ნაკლებად მოწყვლადი გარე საფრთხეებისა და გარედან მომავალი სხვადასხვა ნეგატიური კონტექსტის მიმართ.

ჩვენ ბუნებრივია, ჩვენი ტერიტორიიდან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე, ამის ილუზია არავის აქვს, რომ საქართველოში არასდროს შემოაღწევს ნეგატიური ტრენდი, რომელიც შეიძლება იყოს მეზობელ ეკონომიკაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ თითოეული მოქალაქისთვის, ისევე როგორც მცირე მეწარმისთვის, სავალუტო კურსი და ლარის კურსი არ იყოს ასეთი სენსიტიური და მტკივნეული და იმ პრობლემას, რაც მე აღვნიშნე, დაემატა მეორე – უპასუხისმგებლობა, ეს იყო დოლარიზაციის მაღალი განაკვეთი. საქართველოში ფაქტობრივად ყველა სესხი დოლარში გაიცემოდა. ამან გამოიწვია ის, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ რა არის კურსი. ეს აისახება ნეგატიურად", – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე შემცირდა.

"დოლარიზაციის დონე იყო მაღალი, ჩვენ ეს შევამცირეთ. ჩვენი ამოცანა ეს არის – ადამიანი როდესაც აიღებს სესხს, არ აქვს მნიშვნელობა, პირადი მოხმარებისთვის, თუ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და იცის, რომ ყოველ თვე მან უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ის უნდა იყოს 100 ლარი და არა სხვადასხვა მიზეზების გამო 180, ან 190 ლარი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, შევძელით და შესაბამისად, საქართველოს მდგრადობა ამ საკითხების მიმართ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. მე არ ვამბობ, რომ 20 და 30%–ით, რამდენჯერმე არის გაზრდილი", – განაცხადა პრემიერმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დაახლოებით, 1 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითმა კურსმა 2.776 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა