მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე NDI-ის გამოკვლევის შედეგებს აფასებს

5ce3e86616e8c
თელარა გელანტია
21.05.19 16:12
668
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში ჩვენ გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი არის არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, სადაც სახელისუფლებო გუნდისადმი ნდობამ 60% შეადგინა.

„მე არ მქონდა საშუალება, რომ გავცნობოდი ამ კვლევას, მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების წარმატებაზე, საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ, ვერ უნდა მისცეს თავს იმის უფლება, რომ თქვას, რომ ის არის ბოლომდე წარმატებული, სანამ საქართველოში ჩვენ გვაქვს ორი გადაუჭრელი მტკივნეული პრობლემა - ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, როცა ერთი გამოწვევაც დაძლეული იქნება და მეორეც. რაც შეეხება ზოგადად, ნდობის საკითხს, იმ ვექტორს, რა ვექტორითაც ჩვენ ვავითარებთ საქართველოს, ამას არ სჭირდება მხოლოდ სოციალური კვლევები. ყველაზე კარგი, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმი არის არჩევნები, რომლიც რამდენიმე დღის წინ იყო რამდენიმე რეგიონში და ყველამ კარგად დავინახეთ შედეგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე და ეს პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.

„მე მსურს, საზოგადოებას ნდობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ამავე დროს ვპირდებით საზოგადოებას, რომ ის გზები, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია ამ პრობლების გადასაჭრელად, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. არჩევნები გვქონდა ორი დღის წინ. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი ნდობამ შეადგინა 60 პროცენტი. ასეთ თემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ. ორი დღის წინ საქართველოში იყო არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ამავე დროს გააზრებული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. გააზრებული გვაქვს ის გზები, როგორ უნდა იქნას დაძლეული ეს პრობლემები. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა, გამოუცხადა ნდობა ჩვენს კანდიდატებს და ამ პრობლემებს ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.