მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი-ანაკლიის პორტის პროექტზე: იმაზე მეტ რისკს ვერ ავიღებთ, რაც სახელმწიფომ უნდა აიღოს

5ce3c574ea770
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 13:16
754
„თუ ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის გადმოტანა სახელმწიფოზე მოხდა, მაშინ სად არის კომერციული კომპონენტი?“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა BM.GE-ის ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის მომგებიანობის საკითხს ეხებოდა.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, მსგავსი შეკითხვები და პოზიცია კრედიტორების ნაწილსაც აქვს.

მინისტრის განცხადებითვე, კრედიტორები სწორედ იმიტომ ითხოვენ კომერციული რისკების დაზღვევას, რომ ისინი არსებულ ბიზნეს-მოდელში თავს სრულად კომფორტულად არ გრძნობენ.

„შესაბამისად, ამ მხრივ, ჩვენ წინ წავედით და ბევრ სხვადასხვა ტიპის რისკს ვუზღვევთ და ვუბათილებთ, თუმცა ტვირთების რაოდენობა იქნება თუ არა ამდენი და ამ კორიდორზე იქნება თუ არა ეს ტვირთბრუნვა, ჩვენ აქ თავს ვიკავებთ და მიგვაჩნია, პროექტი იმიტომ არის კერძო ინიციატივა, რომ ეს რისკები თანაბრად გადანაწილდეს. ჩვენ იმაზე მეტ რისკს ვერ ავიღებთ, რაც სახელმწიფომ უნდა აიღოს.

შეგახსენებთ, ჩვენი ვალდებულება იმის შესახებ, რომ უნდა გავიყვანოთ რკინიგზა და საავტომობილო გზა - ჩვენი ვალდებულებაა, ასევე, მიწების გამოსყიდვაში რომ უნდა დავეხმაროთ კონსორციუმს, ჩვენი ვალდებულებაა, რისთვისაც 100 მლნ ლარამდე დაფინანსება გამოვუყოთ, ეს ყველაფერი ძალაშია და ურყევია. თუ ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის გადმოტანა სახელმწიფოზე მოხდა, მაშინ სად არის კომერციული კომპონენტი? სად არის კერძო ინიციატივა? - ეს ფილოსოფიას მთლიანად ცვლის, რისი მიხედვითაც, ამ პროექტის ინიცირება დასაწყისში მოხდა.

ამიტომ ამ ეტაპზე ვთქვით, რომ ბევრ რამეში დავეხმარებით, თუმცა ძირეულ, ფუნდამენტურ ცვლილებას ჩვენ არ მივესალმებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის: დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც არაერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კომერციული რისკების დაზღვევას არ აიღებს.

მინისტრის თქმით, ინვესტორმა და ბანკებმა უნდა იპოვონ შესაბამისი მექანიზმები, რათა რისკების დაზღვევა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე მოხდეს.
ცქიტიშვილის განცხადებითვე, მოლაპარაკება გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს მექანიზმები არ იქნება მოპოვებული.

ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ 15 ივნისის ვადა, რაც პორტს საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებისთვის აქვს აღებული, შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. “იქნება მოლაპარაკებების მესამე, მეოთხე და სხვა რაუნდები” - ამბობს ცქიტიშვილი.