23.აპრილი .2019 19:00

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

views 313
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძის კითხვაზე თუ რა დაჯდა წინასაარჩევნოდ განხორციელებული ვალების ჩამოწერის პროგრამა აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ტიპის ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგანაც ის კერძო პირებს შორის დადებულ გარიგებას წარმოადგენს. 

"საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ?" - ასე უპასხა ფინანსთა მინისტრმა სებ-ის ყოფილ პრეზიდენტ რომან გოცირიძეს. დეპუტატმა ივანე მაჭავარიანს ბანკების შესაძლო შევიწროების შესახებაც დაუსვა კითხვა, რასაც ადგილი ჰქონდა კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებების დროს, რაზეც მინისტრმა განაცხადა რომ ეს განცხადება არის სიცრუე და არავითარ შევიწროვება ამ მოლაპარაკებების მსვლელობისას არ მომხდარა.

ივანე მაჭავარიანი:

"ვალების ჩამოწერაზე ყველა მოლაპარაკების დროს ჩართული ვიყავი. არავისგან ოდნავ მსგავსი იძულება, არ გამოთქმულა. ტონალობაც კი არ ყოფილა არცერთი მიკროსაფინანსოსგან, არცერთი ონლაინ-მსესხებლისგან, არცერთი ბანკისგან. პირიქით, ერთი ორმა რომ თქვა, რომ “არ მაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა ერთი მნიშვნელი ყოფილიყო, ყველას სხვადასხვა კომპენსაცია კი არ მიეღო, რომ სპეკულაცია დაწყებულიყო ფავორიტიზმის შესახებ, არამედ ერთი ყოფილიყო. საერთო შეთავაზებაზე კი ყველას ჭკუაზე მოყვანა ძნელია. ამიტომ ვთქვით, ვინც არა, კი ბატონო, გავიდეს. არანაირი მსგავსი მუქარის მაგვარიც კი არ ყოფილა. ამას მე ვესწრებოდი და თქვენ მეუბნებით რომ “წაართვით წაღლიტეთო”, ღმერთი საერთოდ აღარ გწამთ? რა უბედურებაა ეს? ამას არ კადრულობს არავინ."

რომან გოცირიძე:

"თიბისისის ხელმძღვანელს არ მოუსმინეთ აქ რომ იყო? 3 მილიონი ლარი მოგვცეს 120 მილიონშიო?"

ივანე მაჭავარიანი:

"რა შუაშია თიბისი, ვაიძულეთ? ვიძულეთ, კაცო? ყველასთვის მომგებიანი იყო ეს შეთავაზება. აბსოლუტურად ყველასთვის. ყველა ბანკს ჰქონდა ერთი წუხილი, ის კი არა, რომ იაფად გასცეს ეს თანხები, ყველამ ძალიან სარფიანად მიიღო, მათ დასვეს კითხვა, ეს ხომ არ იმოქმედებდა სამომხმარებლო კულტურის ცვლილებაზე. რომ მომავალში  მოტივაცია შეექმნა რომ არ გადაეხადა ხალხს სესხი, “გამოჩნდება კიდევ რომელიღაც მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება გამოისყიდოსო.” და ეს კითხვა მართლა ვალიდური იყო, ამას ჰქვია “მორალ ჰაზარდი” რომ იცოდეთ. აი ეს იყო, თორემ კითხვის ნიშანი არ იყო, რომ ძალიან სარფიანად გაყიდა ყველამ პორტფელი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით."

რომან გოცირიძე:

"რა დაჯდა? ჩამოწერა თუ განულება?"

ივანე მაჭავარიანი:

"რა დაჯდა არ შეიძლება ამის თქმა, კითხეთ ბანკებს და კითხეთ ქართუს. მე რატომ უნდა გითხრათ? ეს კომერციული ხელშეკრულებაა. საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ? კომერციული ხელშეკრულებაა, როგორ შეიძლება გამოიტანოს მთავრობის წარმომადგენელმა."

ვალების განულების შესახებ:

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა “ფონდმა ქართუმ” 2000 ლარამდე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის დაპირება გასცა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ფონდმა საქართველოს პრაქტიკულად ყველა საფინანსო დაწესებულებასთან დადო გარიგება და მათში არსებული ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი იყიდა. 

პროექტის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც არ იცის საზოგადოებამ თუ ზუსტად რამდენი მილიონი დახარჯა “ქართუმ” ამ პროექტზე. საჯაროდ მხოლოდ 100 მილიონი ლარი დასახელდა, რაც ფონდმა პროგრამის დაწყებამდე დაარეზერვა. ასევე, უცნობია თუ რა ნაწილი იყო ჩამოწერილ ვალებში ძირი თანხა და რა დარიცხული ჯარიმა/საურავები. ვებ გვერდ vali.ge-ის მონაცემებით, სულ 615,164 ფიზიკური პირის 1,387,296 ერთეული სესხი განულდა, ჩამოწერილი თანხა კი, 4,104,429,484 ლარს შეადგენს.