11.სექტემბერი .2019 11:39

M2: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ „სვეტის“ დაზარალებულებმა ბინები დროულად მიიღონ

views 590
უკან

„M2-სთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია და შესაბამისად, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე ვიღებთ,“ - ამის შესახებ M2-ის მმართველმა პარტნიორმა, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით. 

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, M2 „სვეტის“ დაზარალებულების დასახმარებლად „ძალისხმევას არ დაიშურებს“.

„მინდა გითხრათ, რომ მერიის ინიციატივით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში. ჩვენ შრომას, გამოცდილებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს, ხოლო დაზარალებულებმა თავისი საცხოვრებელი ბინები დროულად და ხარისხიანად მიიღონ", - განაცხადა ბერეკაშვილმა.


ცნობისთვის: მშენებლობების დასრულების მიზნით, m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22). 

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2000-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. 
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა