მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რაზმაძე: სახელმწიფო ტენდერებში პრინციპი "იმარჯვებს დაბალი ფასი" - მოხსნილია

56580f77e4527
BM.GE
27.11.15 12:04
2546
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარე რეფორმებისა და მათი საკანონმდებლო უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციას მოუსმინეს.
 
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში რეფორმების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსმა, ლევან რაზმაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემუშავდა მონიტორინგის ახალი მიმართულებები, რომელიც სუბიექტურობას გამორიცხავს.

"ტენდერების მონიტორინგის პროცესში, პროგრამა ეძებს იმ შეცდომებს, რაც შესაძლოა, ტენდერის მიმდინარეობის პროცესში იქნას დაშვებული. ასევე, გაშვებულ იქნა კონკურსები ორეტაპიანი ტენდერის პრინციპით. პრინციპი "იმარჯვებს დაბალი ფასი“ - მოხსნილია და იმარჯვებს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურად გამართული და მომგებიანი წინადადება", - განაცხადა ლევან რაზმაძემ. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების 

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ ისაუბრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლაცაბიძემაც. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების დროს ვადების დადგენას ითვალისწინებს.

"ამ ცვლილების შემდეგ, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ზუსტად, დღეების მიხედვით იცის, როდის იქნება მასთან ხელშეკრულება გაფორმებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა. გიორგი ლაცაბიძის თქმით, მოხდა სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახის-კონკურსის ელექტრონიზაცია, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, შესაძლებელი გახდა კონკურსში წარმოდგენილი წინადადების ხარისხისა და ფასის მიხედვით შეფასება. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მოთხოვნაც. „ცვლილების მიხედვით, 20%-ით ან 20%-ზე მეტით ფასკლების შემთხვევაში, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, დაადასტუროს ამ ფასად კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ან ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა",- განმარტა გიორგი ლაცაბიძემ. მისივე ინფორმაციით, მიღებულ იქნა დავების საბჭოს საქმიანობის ახალი წესი. მისი თქმით, დავების საბჭო 6 წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 წევრი სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელია, ხოლო 3-არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა საჩივრების რაოდენობა, რაც, მისივე განმარტებით, საბჭოსადმი ნდობაზე მეტყველებს. გიორგი ლაცაბიძის განცხადებით, შეიქმნა კონსოლიდირებული ტენდერის ახალი პროდუქტი, წელიწადნახევრის წინ, სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო ტრენინგ-ცენტრმა და 900-მდე შესყიდვის სპეციალისტი გადამზადდა.

2016-2017 წლებში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაცია წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკოსმა, ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა. "შესყიდვის ახალი საშუალებების დანერგვით გამარჯვებულის გამოვლენა განხორციელდება არა მხოლოდ ფასის მიხედვით, არამედ ფასის და ხარისხის საუკეთესო შეფარდებით. მსგავსი ცვლილებები უკვე დანერგილია, არის უკვე გაშვებული კონკურსები სადაც იგივე ალგორითმით ხორციელდება გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეთოდის დანერგვა იქნება სასარგებლო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის თუ მათ ექნებათ მარტივი ოპცია-თუ დასჭირდებათ, გამოავლენენ გამარჯვებულს მხოლოდ ფასის მიხედვით და რიგ შემთხვევაში, სადაც საუბარია რთულ სპეფიციკურ პროექტებზე,იქ მიეცემათ საშუალება, გამოავლინონ გამარჯვებული ფასისა და ხარისხის შეფარდებაზე დაყრდნობით",- განმარტა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, უკვე მზადაა შესყიდვის საშუალებების დანერგვის კონცეფცია და შემუშავებულია ალგორითმი, რომელიც საუკეთესო პრეტენდენტს ავლენს.

ალექსანდრე ჩხიკვიშვილის განცხადებით, დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ძირითადი შესყიდვის მოქმედ საშუალებებს უკავშირდება. „გარკვეული პრობლემები უკავშირდება ვაჭრობის რაუნდების არსებობას, და სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ერთის მხრივ, მოხდება აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა და დაინერგება შესყიდვის ის საშუალება, რისი დანერგვის საერთაშორისო ვალდებულებაც გვაქვს-ანუ გაუქმდეს ვაჭრობის რაუნდი ან გახდეს ოპცია, მას შემდეგ, როდესაც მომწოდებლები გაივლიან პერეკვალიფიკაციას“,- განაცხადა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა.