13.აგვისტო .2019 17:00

ლევან კობერიძე: მთავრობა ციფრებით მანიპულირებით არის დაკავებული

views 410
უკან

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან კობერიძე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან, ტურიზმის სექტორის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ციფრებით მანიპულირების მცდელობად აფასებს.

კობერიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებიდან ტურიზმის ზრდის შესახებ საუბრობდეს, კვლავ რუსეთის ფედერაციიდან არსებულ დანაკლისზე საუბრობს, ხოლო თავად ამ დანაკლისის უფრო მასშტაბურად წარმოდგენისთვის კი, სტატისტიკური მონაცემების არასწორად წარმოჩენასაც არ ერიდება.

"ციფრებით მანიპულირებაა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შემცირება რაც არის რუსი ტურისტების, ეს არის კლება იმ პროგნოზირებულ რიცხვთან მიმართებით, რაც წელს მთავრობას ჰქონდა განსაზრული რომ იქნებოდა. საუბარი არის იმაზე, რომ თურმე ზარალი ჰქვია პროგნოზთან მიმართებით შემცირებას.

რუსეთთან მიმართებით ტურიზმის ბიუჯეტის შედგენის დროს, არ ვითვალისწინებთ პოლიტიკურ რისკებს და ამას არაკომპეტენტურობა ჰქვია, იმიტომ რომ პოლიტიკური რისკი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ჩვენ, ქვეყანას გაგვაჩნია. ნიშანდობლივია, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება არა იმაზე, რომ ტურიზმის სექტორში ზოგადად არის ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი, არ არის საუბარი იმაზე, რომ ტურისტების ნაკადი გაიზარდოს სხვა ქვეყნებიდანაც, არამედ არის საუბარი იმაზე, რომ მარტო რუსეთის მხრიდან არის დანაკლისი.

რა თქმა უნდა, ეს არის დანაკლისი, მაგრამ პოლიტიკის მხოლოდ ამაზე აგება არის არაგონივრული. ვთვლი, რომ ეს მანიპულირება ციფრებით დასჭირდა მთავრობას იმისათვის, რომ ლარის კურსი, რომელიც არის ცუდი ეკონომიკური ტენდენციებისა და განწყობების გამო გაუფასურებული, აეხსნა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის “გაპრავებით”. შეეცადნენ, რომ ლარის კურსის ვარდნის “გაპრავება” სწორედ ტურიზმის მეშვეობით გაეკეთებინათ," - ამბობს კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი,  1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა.

რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ივლისში საქართველოში 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა