02.აპრილი .2016 18:01

ლექსო ალექსიშვილი: სასამართლოები საგადასახადო საკითხებში ცოდნის სიმცირეს განიცდიან

views 1453
უკან

ინტერვიუ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურ დირექტორ, ლექსო ალექსიშვილთან.
 
- როგორია თქვენი პირადი პოზიცია საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად სწორია მისი გადატანა 2017 წლის იანვრამდე?

- ცვლილებების პაკეტი, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი საკითხია საგადასახადო ადმინისტრირების საკითხი, სრულყოფილად არ ასახავს ე.წ. დეკრიმინალიზაციას. დეკრიმინალიზაცია სიტყვიდან გამომდინარეც კი იმას გულისხმობს, რომ ის შემთხვევები, რომლებიც აქამდე კრიმინალურ შემთხვევებად ითვლებოდა და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა, გარკვეული ზომებით შემსუბუქებულიყო და ისეთ კონდიციამდე მისულიყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის საკითხად აღარ ჩაითვლებოდა. ამ შემთხვევაში საუბარია ზღვრებზე, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან და მის არ გადახდასთან. ეს არის 50 000 და 100 000 ლარიანი ზღვრები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის ზრდასთან და მათ შორის ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად ეს ზღვრები თავის მნიშვნელობას კარგავს და ცოტათი უფრო დაბალია. მისი გადახედვა ცალსახად საჭიროა. მისი გადახედვა და ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებთაც იმის განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ საქართველოში თუნდაც პატარა შეცდომას მათი ან მათი თანამშრომლების სისხლის სამართლებრივი დევნა არ მოჰყვება.

- თვლით თუ არა, რომ ე ეს ცვლილება, სერიოზული პოზიტიური გზავნილი იქნება ინვესტორებისთვის?

- ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთლიანობაში ეკონომიკა და ამ შემთხვევაში საგადასახადო სისტემა რომელიმე ერთი კომპონენტის გაუმჯობესებით ყველაფრის მოგვარებას არ გულისხმობს, მაგრამ ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ მნიშვნელოვანი ფაქტორის ცვლილებით შეიძლება ჩვენ ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. ეს ეხება, როგორც ამ კონკრეტულ საკითხს, ისე დანარჩენ კომპონენტებს, რომელიც საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პაკეტში ასახულია.

- რა იყო მოგების გადასახადის რეფორმის გადადების მიზეზი?

- 2017 წლის 1 იანვარი სასურველი თარიღი იყო. ყველა შემთხვევაში სასურველია, რომ ის ფისკალური წლის დასაწყისიდან დაიწყოს და არა შუაში, იმიტომ რომ ძირეულ ცვლილებას იწვევს. მათ შორის ყველასთვის. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესისთვის ან ადმინისტრირებისთვისაც. სასურველია, რომ მიმდინარე ფისკალური წელი ამოიწუროს და ახალი წლიდან ახალი ცვლილებით დაიწყოს მოქმედება. აქედან გამომდინარე, ნორმალური და სწორი გადაწყვეტილებაა 2017 წლის 1 იანვრიდან მისი ამოქმედება.

- საფინანსო სექტორი 2019 წლამდე რეფორმის მიღმა დარჩა, როგორია თქვენი პოზიცია ამ თემაზე?

- ჩემი პერსონალური და ორგანიზაციის პოზიციაც იყო ის, რომ ფინანსურ სექტორს, როგორც საბანკოს, ისე არა აბანკოს რეფორმა თავიდანვე შეხებოდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათ ამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე უნდა ჰქონოდათ. ეს სექტორიც ისეთივე ძირეული ნაწილია ჩვენი ეკონომიკის, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ სასურველია ის ამ კანონმა თავიდანვე მოიცვას საფინანსო სექტორი.

- დეკრიმინალიზაციის პაკეტის მიმართ როგორია თქვენი აზრი?

- მიმდინარე პაკეტში ბევრი რამ არის გათვალისწინებული, რომელიც საგადასახადო კოდექსის საკითხებს ეხება, მათ შორის ესაა საგადასახადო ადმინისტრირების თემატიკა, ასევე საუბარია ყადაღის გავრცელებაზე საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ან დავალიანებების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია, რომ სასამართლო კომპონენტი ერთვება და სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია განხორციელება. თუმცა ეს მნიშვნელოვანი შემსუბუქებაც არ იქნება. სასამართლოები ისედაც საგადასახადო საკითხებში ცოდნის სიმცირეს განიცდიან, ისინი ამ საკითხის ექსპერტები არ არიან. ბუნებრივია, როდესაც საგადასახადო მიმართავს სასამართლოს და აცნობებს, შესაძლო რისკზე, ბუნებრივია სასამართლო დაეთანხმება ყადაღის გავრცელებაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა