მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი: "არცერთ კომპანიას არ აქვს დამსახურება, რომ ინდივიდუალური შეღავათი ჰქონდეს"

5d05130d39d69
ელენე გოგბერაშვილი
16.06.19 10:00
1434
„არცერთ კომპანიას არ აქვს დამსახურება, ინდივიდუალური შეღავათი ჰქონდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის საშეღავათო პერიოდის გაუქმებასთან დაკავშირებით აცხადებს.

ხუციშვილი განმარტავს, რა შინაარსობრივი არგუმენტი დგას ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების უკან.

„კონკრეტულად ერთ გადამხდელს არ უნდა ჰქონდეს გადასახადებთან მიმართებაში მეორე გადამხდელთან შედარებით უპირატესობა. ეს არის, რაც ამის უკან დგას. მთელი შინაარსი ის არის, რომ 200 კომპანია აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს იმავე საგადასახადო რეჟიმში, რაშიც ფუნქციონირებს 50 ათასზე მეტი კომპანია ათწლეულის მანძილზე“, - აცხადებს ხუციშვილი.

კითხვაზე - თანაბარ პირობებში ფუნქციონირების მიზნით, რატომ არ მოხდა „ოქროს სიის“ შეღავათების გავრცელება დანარჩენ 50 ათასზე მეტ კომპანიაზე, ხუციშვილი პასუხობს, რომ ამას თავისი ახსნა აქვს.

„ლეგიტიმური კითხვაა, ხომ შეიძლება 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი მიგვეცა ყველასთვის, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია იმ საგადასახადო-საბაჟო რისკებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს.

შეუძლებელია ასეთი რისკის მართვა განახორციელოს რომელიმე საგადასახადო ადმინისტრაციამ მსოფლიოში, მათ შორის ისეთმა ადმინისტრაციებმა, სადაც გადასახადის გადახდის კულტურა არის ბევრად მაღალი, ვიდრე ეს არის საქართველოში.

ფიზიკურად ვერ ხდება, რომ ყველა კომპანიასთან მიმართებაში 30-დღიან გადახდის რეჟიმში რისკები მართოს რომელიმე საგადასახადო ადმინისტრაციამ. შესაბამისად, მოცემულობა არის ასეთი ან უნდა მოხდეს გათანაბრება ამ ფორმით რა ფორმითაც განხორციელდა ან უნდა შევინარჩუნოთ არათანაბარი პირობები 200 კომპანიასა და 50 ათასზე მეტ კომპანიას შორის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არ არსებობს დამსახურება არცერთი კომპანიისა იმ ფორმით და იმ შინაარსით, რომ კონკრეტულ კომპანიას ჰქონდეს რაიმე ინდივიდუალური პრეფერენცია და ინდივიდუალური შეღავათი“, - განმარტავს ლაშა ხუციშვილი.

მისი თქმით, წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, 15-დღიანი ვადის შემცირებასაც იგივე მიზეზი ჰქონდა, რა შინაარსიც 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გაუქმების გადაწყვეტილებაში იყო.

„ამ შემთხვევაშიც არის იგივე მიზეზი. თანაბარ პირობებში იქნება ყველა კომპანია, თუმცა იქაც არსებობდა შეღავათი პროცედურულ ნაწილში. მაგალითად, როცა საქონელი შემოდიოდა, თუ ის წანასწარ იყო დეკლარირებული, საბაჟოდან მიდის პირდაპირ კომპანიის საწყობში და არ მიდის გეზ-ში. აქ პროცედურულ ნაწილში რჩება შეღავათი და მხოლოდ გადახდის ნაწილში მოხდა გათანაბრება“, - განმარტა bm.ge-ისთან ლაშა ხუციშვილმა.