მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარის კურსის რყევა სახელმწიფო შესყიდვებში რისკებს ქმნის" - გადამხდელთა კავშირი

5ce3e656422ee
თამუნა ქემერტელიძე
21.05.19 15:32
819
„ლარის კურსის რყევა სახელმწიფო შესყიდვებში რისკებს ქმნის“ - ამის შესახებ Bmg-ის გადასახადის გადამხდელთა კავშირში განუცხადეს.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის რყევამ რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ.

„ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას. მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით“, - აცხადებენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.

მათივე თქმით, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო, წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი, მათ უფლება აქვთ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ მიმართონ.

ამასთან, როგორც კავშირში აცხადებენ, ისინი მზად არიან, მიმწოდებელ კომპანიებს კონსულტაცია გაუწიოს.