მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე: შესაძლებლობა გვაქვს, დეველოპმენტის მიმართულებით საბანკო რეგულაციებს გადავხედოთ

5cbd6e5cbb8a2
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.19 11:33
1054

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გადაცემა "Forbes-ის კვირაში" ამბობს, რომ მისი შეფასებით, იპოთეკური სესხების მიმართულებით საბანკო რეგულაციების შემცირება არის შესაძლებელი. 

ირაკლი კოვზანაძის აზრით, იპოთეკური სესხების მიმართულებით, არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ბაზართან მიმართებით შედარებით განსხვავებული მოთხოვნები ვრცელდებოდეს. 

"რეგულაციებთან დაკავშირებით, მინდა მცირე სტატისტიკა მოვიყვანო, რა მდგომარეობა გვქონდა ჩვენ 2019 წლის პირველ იანვრამდე - ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა ორნახევარჯერ აღემატებოდა იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდას. ხოლო მთლიანად დაკრედიტების ზრდის ტემპი იყო ხუთჯერ უფრო მაღალი, ვიდრე მთლიანად ეკონომიკური ზრდა. ეს იწვევდა საბოლოო ჯამში, სავალო წნეხის ზრდას მოქალაქეებზე, აქედან იყო გამოწვეული ის პრობლემები, რაც იყო.

მე აქ ბანკებს ნაკლებად ვგულისხმობ, სხვა საკრედიტო ორგანიზაციები პრაქტიკულად სესხებს გასცემდნენ ისე, რომ არ იყო მოქალაქეთა გადახდისუნარიანობა შესწავლილი. საბოლოო ჯამში, ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი ჯერადად უფრო მაღალი იყო და იზრდებოდა უფრო მეტად, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობები. ეს იყო არანორმალური და რისკების მნიშვნელოვანი ზრდა, საბოლოო ჯამში, პრობლემას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ამან გამოიწვია, რომ პირველი იანვრიდან შემოღებულ იქნა  ეს ეგრეთ წოდებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის, მე ვიტყოდი, პრევენცია სისტემური რისკებისა.

არ გეგონოთ, რომ ვინმემ აქ ნოუ-ჰაუ გააკეთა, ცენტრალურმა ბანკმა ან ვინმემ. ეს წესები შემოღებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში არის ბევრად უფრო რბილად გამოყენებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვარტალია გასული, ჩვენ აქ შესაძლებლობა გვქონდა გარკვეულ სეგმენტში უფრო რბილად მოვქცეულიყავით. შესაძლებლობა გვქონდა, უფრო ელასტიური ვყოფილიყავით იმ სეგმენტში, სადაც ნაკლები მოწყვლადობა გვაქვს.

მაგალითად, ასეთია, დეველოპმენტის სექტორი. ვინც ამ სექტორში არის უფრო მაღალი შემოსავალი აქვს, უფრო ნაკლებად მოწყვლადია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აქ ამ ნაწილს გადავხედოთ. ეს არის ჩემი პერსონალური მოსაზრება.

დაკვირვება, მე ვფიქრობ, რომ არის 6 თვე, ცენტრალური ბანკი უფრო მეტ პერიოდს ფიქრობს, მაგრამ მე ბანკირი ვარ და ამ სექტორში თითქმის 20 წელზე  მეტია ვმუშაობ და ჩემი გადმოსახედიდან, როგორც ბანკირის, ვფიქრობ, რომ 6 თვე არის პერიოდი, რომელზე დაყრდნობითაც ამ სექტორში გარკვეული დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ", - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.