მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვები და პასუხები - შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები?

5c9a54ce30782
თელარა გელანტია
26.03.19 20:49
1757
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ საქართველოს საბანკო სექტორზე გავლენა უკვე მოახდინა - თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა; რაოდენობრივად თებერვალში სულ ამ კატეგორიის 710,421 ერთეული სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 29%-ით ნაკლებია. 2019 წლის იანვარში კი, ლარის მიკროსესხების ვარდნამ 118,853,962 ლარი შეადგინა. 

20 მარტს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს. “ბუნებრივია, დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება და ეს ლოგიკურია,” - განაცხადა ბახტაძემ, მაგრამ ისიც დასძინა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას „ცოტა ვადროვოთო“. „შედეგების დეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრემიერმა. 

დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მზადაა, აპრილში საქართველოს პარლამენტში მივიდეს და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციებზე დეპუტატების კითხვებს უპასუხოს, მაგრამ რამდენადაც ვიცით, ამ ეტაპზე 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების გაუქმებაზე ეროვნულ ბანკში არ ფიქრობენ. 

რამდენიმე დღის წინ bm.ge-ის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც მისი თქმით, კერძო სექტორს წარმოადგენდა, ის სამი კითხვა გამოუგზავნა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიწერა. მოქალაქემ მოგვწერა, რომ მას ცენტრალური ბანკისგან პასუხების მიღების იმედი არ ჰქონდა; bm.ge-იმ რეგულაციების შესახებ კითხვები სებს თავად გადაუგზავნა და წერილობითი პასუხებიც მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

როდესაც ამ რეგულაციებზე მუშაობდით ჭარბვალიანობის მოტივით, იფიქრეთ თუ არა იმაზე, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და რა სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც ასევე აქვთ ფინანსური ვალდებულებები და შემოსავლების გარეშე ამ ვალდებულებებს რომ ვერ დაფარავდნენ, ამის გარდა ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსებსაც ვერ მოიძიებდნენ, იფიქრეთ თუ არა ამაზე - როგორ უნდა მოიქცნენ ესეთი ადამიანები? 

საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი) და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. იგივე აჩვენა ბოლო წლების ტენდენციებმა საქართველოში. შექმნილ სიტუაციაში, კრიტიკის შიშით, თვალის დახუჭვა და რეფორმების არ გატარება სამომავლოდ მიგვიყვანდა საკმაოდ სავალალო მდგომარეობამდე. ის სექტორები, რომლებიც დროებით სარგებელს იღებდნენ არაჯანსაღი დაკრედიტებით მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ჭარბვალიანობის ხარჯზე, აუცილებლად მოექცეოდნენ ამ კრიზისის ცენტრში და თან ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით. სებ-ი პოლიტიკის გატარებისას ხელმძღვანელობს შესაძლო გავლენებით მთლიანად ეკონომიკაზე. ვთვლით, რომ გატარებული ღონისძიებები ქვეყნისთვის ამცირებს ფინანსური სტაბილურობის რისკებს. რესურსების გადანაწილება მოხდება უფრო ეფექტურად და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის შემოსავლიანობასა და დასაქმებაზე. უშუალოდ რეგულაციის ჩარჩო ეყრდნობა ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას (ევროკავშირი[1,2], ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი), ხოლო მისი დანერგვა ხდებოდა ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობითა და საჯარო განხილვებით.  
 

ადამიანს, რომელსაც გაუფუჭდა მაცივარი და ვერ ყიდულობს ახალს, იმიტომ რომ არ აქვს ერთიანი თანხა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ვერ ყიდულობს ვერც განავდებით მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური შესაძლებლობა აქვს, ესეთ დროს თქვენი აზრით, რა მეთოდით შეიძლება შეინახოს ადამიანმა პროდუქტი, რომლისთვისაც მაციავრია საჭირო? 

თუ აქვს „რეალური შესაძლებლობა“ მაშინ შეძლებს განვადებით პროდუქტის ყიდვას ან სესხის აღებას. ეს რეგულაცია ამას არ კრძალავს. 

იმ შემთხვევაში თუ პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოჩნდება ის სურათი, რაც რეალურად არის და გამოჩნდება ნათლად, რომ ამ რეგულაციებმა ისევე ცუდად იმუშავა როგორც ჩემ მიერ არის ახსნილი (იმედია ამაზე ცუდი შედეგი არ დაიდება), ესეთ შემთხვევაში აპირებთ თუ არა რომ გადახედოთ და გააუქმოთ ან მინიმუმ შეარბილოთ რეგულაციები? 

რეგულაციების გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება. პირველადი მონაცემები საგრძნობლად არ განსხვავდება სებ-ის მოლოდინისგან. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს იმ პრინციპით, რომ ჩვენი ქმედებები იქნება მოქნილი და ამავდროულად პროგნოზირებადი.