მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ რომელი სოფლები მიიღებენ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს?

5cc0a206774d9
დათო ჯალაღონია
25.04.19 00:23
2664
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მთავრობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით დაფარვის არეალის გაფართოებას გეგმავს.

როგორც მან BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, ასეთი დასახლებების ჩამონათვალში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლები იქნება.

„ასეთი 19 დასახლებაა, რომელიც აკმაყოფილებს 800 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეს და მათთვის ვფიქრობთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას. აღნიშნული საკითხი განხილული და მოწონებული იქნა მთის საბჭოზე. ახლა პროცედურებს გავდივართ, რომ საკანონმდებლო დონეზეც მოხდეს აღნიშნულის ასახვა.

გარდა ამისა, იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც 2000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარე დასახლებებში ცხოვრობენ, განსხვავებული რეალობა დგას იქ არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეის მდგომარეობით, ის ცხრათვიანი აუცილებელი საცხოვრებელი დრო, რომელიც განსაზღვრულია კანონით, 6 თვემდე შემცირდეს“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, ეს სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დასახლებას. მაღალმთიან დასახლებებში მაცხოვრებელი პირები სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.