მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

5d5a3c84c3305
თელარა გელანტია
19.08.19 10:16
1080
თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება.

„ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. ამაღამ მოვასწრებთ ასფალტის ძველი საფარის მოფრეზვას და ქვედა ფენები მოწესრიგდება. ორივე მხარის მოწყობას 6 დღე დასჭირდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე, იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი - „ამბასადორთან“ ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, უახლოეს დღეებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ვარაზის ხევიდან დაიწყება.