24.აგვისტო .2019 18:50

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

views 653
უკან

კახეთში მეღვინეების გარკვეული ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს. მათი თქმით, თითქმის ყველა პროდუქტზე ფასები მომატებულია, გარდა ყურძნისა და ღვინისა, ამიტომ სახელმწიფო გარკვეულწილად უნდა ჩაერიოს ფასის კორექტირებაში და დარგი დაასუბსიდიროს.

"ამ პერიოდამდე კარგად მოვედით, მოსავალი კარგი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით გვალვები ხელს გვიშლის, თუ წვიმები არ მოვიდა, მოსავლის 10-15% გაგვიფუჭდება, მაგრამ ამინდის გამოსწორების შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ყურძნის ჩაბარების ფასი დიდი ალბათობით მცირე იქნება, გლეხებს კი აღარ უღირთ ამ ფასად ყურძნის გაყიდვა, ვენახის მოვლის ხარჯებიც გაზრდილია, ყველა პროდუქტზე მოიმატა ფასმა ყურძნისა და ღვინის გარდა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ სუბსიდია უნდა მოხდეს და სახელმწიფო გარკვეულწილად ჩაერიოს ფასის დადგენაში", - ამბობს მეღვინე გიორგი შათირიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტზე გატანას, მისი თქმით, ქვეყანამ ძირითადი მიმართულება ევროპისა და ჩინეთისკენ უნდა აიღოს, რადგან რუსული ბაზარი არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ პერიოდში უნდა ველოდოთ ემბარგოს, რაც ბიზნესს გრძელვადიან პერიოდში პრობლემებს უქმნის.

"რუსეთში ძირითადად ტკბილი ღვინოები გადის, ევროპაში კი მშრალი, ქვევრის ღვინოები, ძირითადი გეზი ევროპისკენ უნდა გვქონდეს აღებული, მარკეტინგულ ნაწილშიც იქ ღირს ფულის დახარჯვა, რადგან ევროპაში ღვინის მცოდნე და მოყვარული ხალხი ცხოვრობს. უბრალოდ რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენს პროდუქციას კარგად არ იცნობენ და ეს გარკვეულ ბარიერს ქმნის. ბევრი ფიქრობს ჩემნაირად, თუმცა ზოგს მაინც რუსეთის ბაზარი ურჩევნია, რადგან იქ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია", - ამბობს მეღვინე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. 

"არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. 

სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. 

დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია", – აცხადებენ უწყებაში. 

ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, შექმნა გარკვეული ნეგატიური ფონი, რამაც კერძო სექტორის აქტივობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკი გააჩინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა