მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კუჭავა: თუ გვინდა, ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ, ჰესები უნდა შენდებოდეს

5cbd89fd89729
ლიკა გურაბანიძე
22.04.19 13:30
1018
„თუ გვინდა, რომ ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ და ქვეყანამ იმ ენერგიის გენერირება მოახდინოს, რისი მოთხოვნაც არსებობს, ჰესები უნდა შენდებოდეს“, - ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც კახა კუჭავა აღნიშნავს, შესაძლოა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საკმარისი კომუნიკაცია არ იყო.

„ფაქტი ერთია, რომ პირველი რაც გამოჩნდა, ალბათ, მოსახლეობასთან საკმარისი კომუნიკაცია არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არიდებული იქნებოდა. ჰესების მშენებლობა იქ, სადაც შესაძლებელია და ზიანი გაცილებით მინიმალურია, ვიდრე -მიღებული სარგებელი, აუცილებელია რომ აშენდეს, მაგრამ როდესაც სოფელთან აშენებ, ასევე აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლოებასთან“, - აღნიშნა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარე მოსახლოებასთან საკმარისი კომუნიკაციის გარდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილსაც გამოყოფს.

„აქვე მოვისმინე კომპანიის წარმომადგენლების საუბარი, რომ ისინი ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათ ეგონათ, რომ მოსახლეობისგან თანხმობა იყო. ჩვენ საპარლამენტო ნაწილში ჩავერთვებით, რომ დამატებითი ინფორმაცია მოვითხოვოთ და გავერკვეთ, რეალურად რა მოხდა. რამდენად საკმარისი იყო ის კომუნიკაცია, რომელიც მათ განახორციელეს და მომხდარის რეალური მიზეზი რა იყო. ასევე, ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანია, კომიტეტმა იცოდეს, გარემოზე ზემოქმედების შეფასება რამდენად შესაბამისად იქნა ჩატარებული,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ გარემოს დაცვის კომიტეტზე ხადორი-3-ის თემაზე დამატებითი შეხვედრა-განხილვა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.