13.ივნისი .2019 09:50

კაკაურიძე "ოქროს სიის" შეღავათების გარეშე დარჩენილებზე: არ მგონია, სესხის აღება ვერ შეძლონ

views 591
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ იმ კომპანიებს, რომელთაც "ოქროს სიის" სტატუსით გათვალისწინებული შეღავათები გაუუქმდათ, ფინანსური რესურსის მოძიების პრობლემა არ ექნებათ.

ამის შესახებ კააკურიძემ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კობა ნაყოფიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა, რატომ მოეხსნა "ოქროს სიის" წევრებს იმპორტის გადასახადის 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი.

"თუ შევხედავთ კომპანიების სიას, გამოქვეყნდა კიდეც პრესაში, არ მგონია, რომ ამ კომპანიებს ფინანსური პრობლემები ჰქონდეთ, რომლიმე კომპანია მოუწესრიგებელი იყოს, რომ ბანკისგან ან ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება ვერ შეძლოს, თუ ეს საჭიროებაა", - განაცხადა კაკაურიძემ და მთავრობის მიერ გადადგმული ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რის შედეგადაც კერძო სექტორს ფულად სახსრებზე წვდომა გაუმარტივდათ.

"ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქეშის პრობლემასთან კომპანიებს არ ჰქონოდათ საქმე. "ოქროს სიამდე" გაცილებით ადრე იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რამაც Cash flow ნამდვილად გაუუმჯობესა კომპანიებს და მათმა დიდმა ნაწილმა სასესხო ვალდებულებების გასტუმრებაც მოახერხა.

მეორეა დღგ-ის დაბრუნების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველი ივლისიდან საერთოდ ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება - უბრალოდ დააჭერს ღილაკს გადასახადის გადამხდელი და შეეძლება ამ თანხის დაბრუნება. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესაც ერთის მხრივ, მსხვილი ბიზნესი მეტ-ნაკლებად დღგ-საც უფრო ადვილად იბრუნებდა, საშუალო და წვრილ ბიზნესს კი ამ მიმართულებით უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, მეორეს მხრივ კი, მსხვილ ბიზნესს უფრო მეტი შეღავათები ჰქონდა იმპორტის დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯამურად ამ ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად ათანაბრებს პირობებს სხვადასხვა მოცულობის ბიზნესისათვის", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 11-მა ბიზნეს ორგანიზაციამ ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის სახელზე სამინისტროში წერილი დაარეგისტრირა. კერძო სექტორი მინისტრისგან წერილობით სამ კითხვაზე პასუხს ითხოვს: "ოქროს სიის" წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და არგუმენტი რა არის, რა ფისკალურ ეფექტს ელოდება მთავრობა და რით იყო გამოწვეული ამ გადაწყვეტილების მყისიერად, ბიზნესთან კომუნიკაციების გარეშე მიღება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა