მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება

5d358e8cead92
ელენე გოგბერაშვილი
22.07.19 15:00
1601
„ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა თქვა, რომ სამინისტრო ეცდება თანამშრომლები სამუშაო ადგილების გარეშე არ დარჩნენ.

„შრომის სამინისტრო ყველანაირად ეცდება, რომ მისი დასაქმებული და მასთან დასაქმებული არ დატოვოს უმუშევარი. ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები აუცილებლად დატოვებენ თავიანთ სამუშაო ადგილებს. უბრალოდ მოხდება გარკვეული გადაადგილება, ვინაიდან იგეგმება სამინისტროს სტრუქტურული ცვლილება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი დეტალის გარკვევის მიზნით bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არ საუბრობენ კონკრეტულად რა ტიპის საკადრო თუ ფუნქციური ცვლილება იქნება; თქვეს მხოლოდ ის, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ჯერ რესტრუქტურიზაცია უწყებაში დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო ჩაანაცვლა და  უკვე ერთი თვეა ყველაზე მსხვილ სამინისტროს ხელმძღვანელობს.