მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის პერსონალისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება - ჯარიმა 1000-დან 2000 ლარამდეა

5d35c2e6eb30e
ელენე გოგბერაშვილი
22.07.19 17:50
1233
„პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

კანონპროექტის ავტორებს: აკაკი ზოიძეს, დიმიტრი ხუნდაძეს და ლევან კობერიძეს მიაჩნიათ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი უნდა გახდეს. კანონპროექტის მომზადების საფუძველიც გახშირებული ძალადობის შემთხვევებია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით დასტურდება სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტები. ხშირია სამედიცინო პერსონალზე ძალადობა, აგრესია და ხელის შეშლა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლების მიმართ.

„სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების მატების ტენდენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა.

ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. დოკუმენტს პირველი მოსმენით ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.