23.ივლისი .2019 17:28

ივა ჭყონია: თუ ასეთი შოკია, უფრო მყარად უნდა იდგეს ეროვნული ბანკიც და მთავრობაც

views 806
უკან

„ძვირფასო მთავრობავ, მერამდენედ უნდა მოგმართოთ, მცირე და საშუალო ბიზნესი თუ არის თქვენთვის მთავარი, რომელიც გიხდით ფულს გადასახადების სახით, მას ექმნება ძალიან სერიოზული პრობლემები და ის ვარაუდები, რასაც ეროვნული ბანკი გვეუბნება, არასწორია“, - ეს განცხადება საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „საქმიან დილაში“ გააკეთა და ეროვნულ ბანკის მენეჯმენტს ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და პროგნოზები დაუწუნა.

გარდა ამისა, ივა ჭყონიას აზრით, ე.წ. რუსული ავიასანქციების შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის პოტენციურ დანაკარგთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ გაკეთებული პროგნოზი პანიკის შემცველია.

„როდესაც ვსაუბრობთ, 200-დან 300 მილიონ დოლარამდე დანაკარგზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოგვიცხადა ნაწილობრივ ემბარგო, თავად ეს განცხადება უკვე პანიკის შემცველია. 200 მლნ-სა და 300 მლნ-ს შორის 100 მლნ-ია სხვაობა, 1 მლნ-ზე ხომ არ ვლაპარაკობთ?! ეს უფრო არაკომპეტენტური განცხადება მგონია, ვიდრე ექსპერტების მიერ გაკეთებული ვარაუდები. თუ ასეთი შოკია, ამ შემთხვევაში უფრო მყარად უნდა იდგეს ეროვნული ბანკიც და მთავრობაც და ერთობლივად უნდა იმუშაონ, ერთბლივი განცხადებები უნდა გააკეთონ. თქვენ ბოლოს გინახავთ, კობა გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადება? ეროვნულ ბანკს ვეთანხმები იმაში, რომ ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ძლიერი, ხელოვნური ჩარევა მათი მხრიდან არ უნდა იყოს, მაგრამ იმ დროს როდესაც პანიკაა, უცხოური ვალუტა კი არ უნდა შეისყიდოს, არამედ - პირიქით, რაღაცა პერიოდში შეიძლება შეიძინოს კიდეც“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მაინც ბიზნესთან კომუნიკაციის დეფიციტს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა