10.სექტემბერი .2019 23:00

ირინა მილორავას 6 წელი სემეკ-ში

views 375
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მედია.

პრეზენტაციაზე ირინა მილორავამ ისაუბრა 2013-2019 წლებში განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულაციის ახალ მიდგომებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. ყურადღება გაამახვილა უცხოელ პარტნიორთა მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე.


პრეზენტაციის მიხედვით, 2013-2019 წლებში ელექტროენერგეტიკის სექტორში დამტკიცდა „ქსელის წესები“ და მასში განხორციელდა შესაბამისი ევროპული რეგულაციების სრული ტრანსპოზიცია, ელექტროსადგურებმა დაიწყეს ძაბვისა და სიხშირის ავტომატური რეგულატორების, SCADA-ს და სხვა მოწყობილობების რეაბილიტაციის პროცესი ქსელის წესების მოთხოვნების შესაბამისად, დაიწყო გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტების საინვესტიციო გეგმების შეთანხმება/დამტკიცება, დაიხვეწა და განვითარდა რეგულირებადი საქსელო კომპანიების საქსელო აქტივების ინსპექტირების სისტემა, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“, დაიწყო ქსელური დანაკარგების ნორმირება, დაინერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, გაიზარდა სემეკის ჩართულობა ელექტროენერგეტიკულ სექტორში წლების განმავლობაში არსებული პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში.

სემეკის რეგულაციების საფუძველზე ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველომ მსოფლიო ბანკის ანგარიშში „Doing Business 2017“ 65-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცდა „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასა და გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი, გაიზარდა იმ დასახლებათა ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასურით, ბუნებრივი გაზის მოხმარებასა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლისათვის პირველად იქნა გამოყენებული კლიმატის შესახებ სტატისტიკური მონაცემი - გრადუს დღე (Degree Day), დაიწყო მუშაობა ბუნებრივი გაზის მოთხოვნის პროგნოზირების მოდელზე, სემეკის დავალებით ხელმისაწვდომი გახდა ბუნებრივი გაზის ხარისხისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მომზადდა ცვლილებათა პაკეტი.

წყალმომარაგების სექტორში დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“’, შემუშავდა წყალმომარაგების ლიცენზიანტების სალიცენზიო საქმიანობის კონტროლის გეგმა, სალიცენზიო მოთხოვნებში აისახა წყალმომარაგების კომპანიების ვალდებულება, უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება, განისაზღვრა ახალი, შერეული ტიპის მომხმარებელი - საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის გაუქმდა სასმელი წყლის მრიცხველის 100-ლარიანი გადასახადი.

სამივე სექტორში დაინერგა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატარიფო რეგულირებები, ამოქმედდა ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რეგულირებული სექტორებისათვის მომზადდა ინვესტიციების შეფასების წესის პროექტი. შემუშავდა „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესების“, „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესების“ პროექტები, დაიწყო მიწოდების საიმედოობის კონტროლი (SAIFI, SAIDI), დაინერგა ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, შეიქმნა ინდიკატორები, რომლებიც იძლევა საწარმოების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და მათი ფინანსური, ტექნიკური და კომერციული მდგომარეობის შეფასების საშუალებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა