მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანისთვის ტანკერის გადაცემის ფაქტს ვაშინგტონში მწვავედ აკრიტიკებენ

5d5ba87a76536
მიხეილ ხაჩიძე
20.08.19 14:20
909

ვაშინგტონი ირანისთვის გიბრალტარში დაკავებული ტანკერის გადაცემას მწვავედ აკრიტიკებს. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, გადაწყვეტილება ნავთობმზიდის გათავისუფლების შესახებ, არასწორია.

"ირანი მეტ ფულს, მეტ შესაძლებლობასა და მეტ რესურს ღებულობს, ტერორისტული აქციების გასაგრძელებლად", - აღნიშნა Fox News-თან საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა.


გიბრალტარის მიერ გათავისუფლებული ირანული ტანკერი ამ დროისთვის ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში იმყოფება და საბერძნეთის საზღვაო ქალაქ კალამატასკენ აქვს გეზი აღებული, სადაც შესვენების შემდეგ, გზას განაგრძობს. შტატებმა საბერძნეთს უკვე მოუწოდა, ირანულ ნავთობმზიდს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინონ.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ექსკლავის, გიბრალტარის მთავრობამ შტატების მოწოდების მიუხედავად, ტანკერის გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ირანული სუპერტანკერი 4 ივლისს გიბრალტარის სანაპიროსთან ბრიტანელმა სამხედროებმა დააკავეს. როგორც მაშინ განმარტეს, ხომალდს ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სირიაში საწვავი გადაჰქონდა. თეირანი კი, ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.