06.მაისი .2016 12:56

ირაკლი ქაშიბაძე: ჩვენი მიზანია, დაფინანსებული სტარტაპები სილიკონის ველზე გავიდნენ და ინვესტიციები მოიზიდონ

views 1916
უკან

მთავრობა სტარტაპების დაფინანსების პროგრამას იწყებს. პროექტს საპარტნიორო ფონდი და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო განახორციელებენ. როგორც ცნობილია ახალი ინსტიტუტი განაცხადების მიღებას თვის ბოლოდან დაიწყებს და საბანკო უზრუნველყოფის გარეშე პირველი დაფინანსების გაცემასექტემბრისთვის მოხდება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.
 
თემაზე "საქმიან დილასთან" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, როდის გეგმავთ პირველი ნაბიჯების გადადგმას?

- მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ერთ თვეში უკვე დაიწყება პროექტი, რომელიც სტარტაპების დაფინანსებას გულისხმობს. ეს არის 11 მილიონი ლარი, რომელიც საბოლოო ჯამში ბიზნეს ინიციატივების მქონე ახალგაზრდების იდეების დაფინანსებას მოხმარდება, მათი იდეების ხორცშესხმას და იმას, რომ უკვე საბოლოოდ, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის საინტერესო პროექტები წარმოშვან.

- როგორც ცნობილია, სტარტაპებთან დაკავშირებით საკუთარ აქტივობას საპარტნიორო ფონდიც გეგმავს, მთავრობა რამდენად უწევს ამ ყველაფერს კოორდინაციას?

- ეს ერთობლივი ინიციატივაა, აღნიშნულ პროექტს ინოვაციების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი განახორციელებენ. ჩვენ უშუალოდ ახალი, მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით განვახორციელებთ პროექტების ხელშეწყობას. ეს არ არის მხოლოდ ფინანსურ რესურსზე წვდომა. გარდა იმისა, რომ სტარტაპებში ინვესტირება მოხდება, ასევე მოხდება მათი დაშვება-განხორციელება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სერვისთან, ეს არის როგორც საკონსულტაციო ასევე მაღალტექნოლოგიური სერვისები. საბოლოო ჯამში პროცედურა იდენტურია, რომელსაც სტარტაპი გადის ვენჩერულ ფონდთან მუშაობისათვის, ანუ საერთაშორისო ექსპერტების მიერ აპლიკაციების განხილვა მოხდება, ასევე ვენჩერ ინვესტორების ჩართვა და მათი დახმარებით პროექტები სიცოცხლისუნარიანები გახდებიან.

უშუალოდ სილიკონის ველიდან იქნებიან დაპატიჟებულები გამოცდილი ინვესტორები და საბოლოო მიზანი არის, რომ ეს სტარტაპები უკვე წლის ბოლოსთვის, შემდეგი წლის დასაწყისისთვის სილიკონის ველზე გავიდნენ და იქაც დამატებითი ინვესტირების რაუნდში მოხვდნენ.

- ამ თემაში სკეპტიკოსებიც არსებობენ. ადამიანები, რომლებიც მეტ ღიაობას, თქვენთან ჩართულობას ითხოვენ.  აპირებთ თუ არა მათთან კომუნიკაციას?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ტექნოლოგიური პარკის განვითარების თვალსაზრისით ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში, სულ რამდენიმე დღეში ტექნოლოგიური პარკის განვითარების ჯგუფს შევქმნით და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ჩართვა, თავისი იდეების გამოხატვა და სერვისების დახვეწაში მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ. სტარტაპების ნაწილს რაც შეეხება, ჩვენც ვსწავლობთ და ზუსტად ამიტომ დღესაც და შემდეგ კვირასაც სტუმრები გვყავს სილიკონის ველიდან, გამოცდილი ინვესტორები, რომლებიც მუშაობენ, როგორც Google-ს ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებსაც წამყვანი ფონდებისგან მრავალმილიონიანი ინვესტიციები აქვთ მიღებული და ჩვენ ვხვეწავთ და ვიღებთ იმ გამართულ სისტემას, რომელიც კონკურენტუნარიანი სტარტაპების წარმოშობას უზრუნველყოფს.

- არის თუ არა სტარტაპის პროფილი გამოკვეთილი, რა პროფილით შეიძლება მათ ქართულ სილიკონის ველს მომართონ?

- აუცილებლად ინოვაციური პროექტი უნდა იყოს, ეს მთავარი მოთხოვნაა. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი მაღალტექნოლოგიური იყოს. ბევრი მაგალითია საერთაშორისო კუთხითაც, როდესაც ინოვაციური პროექტი ტრადიციულ ბიზნესად, დიდ კომპანიებად გადაიქცა. მაგალითად, UBER ტაქსის ბიზნესი შემთხვევაში, იგი დღეს მთელ მსოფლიოს იპყრობს. აქაც ინოვაცია და ახალი ბიზნეს მოდელი იყო გამოყენებული. როგორც ამ ნაწილში, ასევე საკონსულტაციო ნაწილში ვეცდებით დამწყებ ბიზნესმენებს მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამ ტიპის პროექტებამდე მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა